skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის მთავრობა საქართველოს ბიუჯეტში 250 მლნ აშშ დოლარს რიცხავს

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ბიუჯეტში 250 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხა. ეს თანხა საქართველოსთვის გათვალისწინებული 1 მლრდ დოლარიანი დახმარების პაკეტის პირველი კომპონენტია.

21 ნოემბერს გავრცელებულ პრეს-რელიზში აშშ-ს საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხული 250 მილიონი დოლარის გრანტი მიზნობრივად დაიხარჯება: პენსიებზე, კომპენსაციებზე და სახელმწიფო აკადემიურ სტიპენდიებზე (163.3 მლნ დოლარი), სიღარიბის ზღვარის ქვევით მყოფი მოსახლეობის ჯანდაცვის ხარჯებზე (26.1 მლნ დოლარი), აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაზე (6.1 მლნ დოლარი), სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერებზე (24.2 მლნ დოლარი). 

30.3 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა სახელმწიფო მოხელეთა ხელფასების და კომპენსაციების გაცემაზე ყველა სამინისტროში, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გარდა, იტყობინება აშშ-ს საელჩო. გრანტის გაცემა 2009 წლის თებერვალში დასრულდება.

”ორივე ქვეყნის მთავრობა დაინტერესებულია, რომ ამ თანხების გაცემის პროცესი იყოს გამჭვირვალე და დოკუმენტირებული. 2008 წლის 31 დეკემბრიდან საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ყოველთვიურ ანგარიშს გაცემული თანხების შესახებ,” – განაცხადა საელჩომ.

მისი თქმით, ეს ანგარიშები საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის მეშვეობით. USAID-ის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანია 2009 წლის 31 მარტს ფინანსური შემოწმების განხორციელებას დაიწყებს.

ეს თანხა ირიცხება გაერო/მსოფლიო ბანკის საჭიროებათა შეფასების რეკომენდაციების შესაბამისად, რის საფუძველზეც საერთაშორისო დონორებმა 22 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე საქართველოსთვის 4.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს.

საჭიროებათა შეფასების მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ბიუჯეტის მხარდასაჭერად საჭიროა 480 მილიონი დოლარი 2008 წელს და 450 მილიონი დოლარი 2009 წელს. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button