
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
12 081 ეჭვმიტანილ, ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირს შეეხება 23 ნოემბრისთვის დაგეგმილი ამნისტია, რომელზეც კანონპროექტი დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
საპატიმროებს დაახლოებით 2 000 ადამიანი დატოვებს, დანარჩენს სასჯელი შეუმსუბუქდება ან პირობითი სასჯელი მოეხსნება. ამნისტია შეეხებათ იმ პირებს, ვინც მსუბუქი კატეგორიის დანაშაული 2008 წლის 15 ოქტომბრამდე ჩაიდინა.
ამნისტიისათვის პირველად შეთავაზებული სისხლის სამართლის კოდექსის 30 მუხლი საპარლამენტო კონსულტაციების შედეგად 58 მუხლამდე გაიზარდა.
”ჩვენი მიზანია შევუმსუბუქოთ მდგომარეობა იმ ადამიანებს, ვინც ამას იმსახურებს და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ კრიმინოგენული სიტუაციის შეცვლა და დანაშაულის მატება,” – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილი.
ამდენად, ამნისტია არ გავრცელდება მძიმე დანაშაულებზე, თუმცა გარკვეული გამონაკლისები დაიშვება არასრულწლოვანი პატიმრებისთვის, რომლებიც სასჯელს ქურდობისა და ძარცვის მუხლებით იხდიან. ამნისტია გავრცელდება ასევე ნარკოტიკების მომხმარებელთა გარკვეულ კატეგორიებზეც.
საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში, მიესალმება ამნისტიის პროცესს, თუმცა გამჭირვალობისაკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უკეთესი იქნებოდა ამნისტია უფრო მეტ კატეგორიას შეხებოდა.
ამნისტიის პარალელურად იგეგმება შეწყალება, რომლის შედეგად გარკვეული პირები დამატებით დატოვებენ საპატიმროებს. შესაწყალებელთა სიაში, სავარაუდოდ, მოხვდება ტელეკომპანია ”202”-ის თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი.