
ყოფილი რუსი სახელმწიფო მოხელე სამხრეთ ოსეთის ფინანსთა მინისტრი გახდა
ალექსეი პანტელეევი, ყოფილი რუსი სახელმწიფო მოხელე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობა გასულ თვეში დაკომპლექტდა, ფინანსთა მინისტრის პოსტი დღემდე ვაკანტური რჩებოდა.
პანტელეევი, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის ადმინისტრაციის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ალექსანდრე ბოლშაკოვი, რუსეთის ულიანოვსკის ოლქის ადგილობრივ ადმინისტრაციაში მსახურობდა, სადაც ფინანსებს კურირებდა. ბოლშაკოვი ულიანოვსკის ვიცე-გუბერნატორი იყო. ბოლშაკოვმა ლევ პავლიუჩკოვი, ულიანოვსკის გუბერნატორის ყოფილი თანაშემწე, სეპარატისტი ლიდერის ადმინისტრაციაში მოადგილედ დაინიშნა.
რუსული გაზეთი ”კომერსანტი” იტყობინება 14 ნოემბერს, რომ სამივე რუს მაღალჩინოსანს კავშირი აქვს ვოლგის ფედერალურ ოლქში მდებარე სამრეწველო კონგლომერატთან SOK, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე ეთნიკური ოსი იური კაჩმაზოვია. გაზეთი ასევე წერს, რომ ეს დანიშვნები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთან იქნა შეთანხმებული, იმისთვის განხორციელდა, რომ უკეთ იქნას გაკონტროლებული მოსკოვის მიერ რეგიონში სარეკონსტრუქციო სამუშაოების განსახორციელებლად გამოყოფილი 10 მილიარდი რუსული რუბლი (300 მილიონ აშშ დოლაზე მეტი).
SOK-ის წყარომ განუცხადა ”კომერსანტს”, რომ კონგლომერატის შესაძლებლობები ”საკმარისი იქნება ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, მათ შორის საცხოვრებელი სახლების, მაგისტრალების და ხიდების ასაშენებლად”. ”ჩვენი მენეჯერები… არავის მისცემენ საშუალებას მოიპარონ [დახმარებისთვის გამოყოფილი ფული],” – იტყობინება ”კომერსანტი” წყაროზე დაყრდნობით.
This post is also available in: English