
კუშნერი: აშშ-მ დააგვიანა პასუხი საქართველოს კრიზისზე
ევროკავშირი ჩაერია, რათა დაესრულებინა რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოს ომი მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი დაგვიანებული იყო, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა 12 ნოემბერს.
”საქართველოს კრიზისში ჩვენ ავიღეთ ხელში ინიციატივა, როდესაც ამერიკის პასუხმა დააგვიანა,” – განუცხადა მან ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტში დამსწრე საზოგადოებას. ”იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ყველაფერი შორს იყო სრულყოფილისაგან, ჩვენ მივაღწიეთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც დღეს ევროპული ძალები აკონტროლებენ და რომლებიც უზრუნველოფენ ვალდებულებების შესრულებას და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ჟენევაში”.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელმაც აგვისტოში და სექტემბერში შეთანხმებების მიღწევაში შუამავლის როლი ითამაშა, განუცხადა ევროპელ პარლამენტარებს ოქტომბერში, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ მისი ”ჩასვლა მოსკოვში არასწორი იყო” აგვისტოში, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის პირობების თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებები გამართა. სარკოზიმ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პოზიცია განსხვავდებოდა ევროკავშირის პოზიციასგან, ”ჩვენ ხელიხელჩაკიდებულებმა ვიმოქმედეთ ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად”.
ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას კუშნერმა ასევე განაცხადა, რომ ”რუსეთი არის გამოწვევა ჩვენთვის”. ”დღეს ის შეიძლება დანახულ იქნას როგორც პრობლემის ნაწილი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს არსებული პრობლემების უმეტესობის მოგვარება მის გარეშე შეუძლებელია,” – დასძინა კუშნერმა.
This post is also available in: English