skip to content
ახალი ამბები

კონსერვატორები მე-2 არხის სამართავად ოპოზიციური საბჭოს შექმნას ითხოვენ

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას მე-2 არხის მმართველი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.

”ამ ტიპის მმართველი საბჭო რეალურად უზრუნველყოფს მე-2 არხის დამოუკიდებლობას ხელისუფლებისაგან და ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში,”- განაცხადა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის პოლიტიკურ ტელეარხად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გაახმოვანა და განაცხადა, რომ არხი რეორგანიზაციის შედეგად პოლიტიკური პარტიების განცხადებებსა და პრესკონფერენციებს პირდაპირ ეთერში გააშუქებს.

კუკავას თქმით, იგი მიესალმება სიტყვის თავისუფლების მიმართულებით გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს, მაგრამ ”თუ მეორე არხის ადმინისტრაცია დარჩება უცვლელი, ასეთ შემთხვევაში ეს ინიციატივა იქნება ისეთივე ფიქცია, რაც ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია და რეალურად ეს იქნება არა თავისუფალი სიტყვის უზრუნველყოფა, არამედ ხელისუფლების სატელიტი ორგანიზაციებისათვის ეთერის გახსნა”.

თუმცა ლევან ყუბანეიშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის მე-2 არხი მაუწყებლის პირველ არხთან ერთად, აღნიშნა, რომ  მიზანშეუწონლად მიაჩნია დამატებითი მმართველი რგოლის ჩამოყალიბება.

”მე-2 არხი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ჰყავს თავისი სამეურვეო საბჭო, რომელიც თავის დროზე პოლიტიკური პარტიების შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, მე პირადად, მიზანშეუწონლად მიმაჩნია დამატებითი სტრუქტურის ჩამოყალიბება,”- განუცხადა მან ”რუსთავი 2”-ს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button