skip to content
ახალი ამბები

რუსეთს სურს შეისწავლოს, როგორ მოქმედებდა ეუთო ადგილზე ომამდე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურს გაიგოს, თუ რა ინფორმაციას ავრცელებდნენ ეუთოს დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სანამ ომი დაიწყებოდა აგვისტოში.

თავის ფინელ კოლეგასთან ალექსანდრე სტუბთან ერთობლივ პრესკონფერეციაზე საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურს, რომ ეუთოს მუდმივმოქმედმა საბჭომ შეისწავლოს ეს საკითხი ”მედია საშუალებებში ინფორმაციის გაჟონვის” ფონზე. 

New York Times-ში გასულ კვირას გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებზე დაყრდნობით ეწერა, რომ ქართული სოფლები არ დაბომბილა 7 აგვისტოს საღამოს, სანამ ქართული ძალები დაბომბავდნენ ცხინვალს. ხოლო საქართველოში ეუთოს მისიის ყოფილმა წარმომადგენელმა რაიან გრისტმა განუცხადა BBC-ს, რომ მან გააფრთხილა ეუთო საქართველოს სამხედრო ქმედების შესახებ, სანამ ის სამხრეთ ოსეთისკენ დაიძრებოდა. მისი თქმით, ეს იყო ”აბსოლუტური კრახი,” რადგან მის მიერ მიწოდებუილ ინფორმაცია ხელმძღვანელობის მიერ ზემოთ უკვე აღარ გადაეცემოდათ.

”ჩვენ გვაინტერესებს სიმართლის დადგენა,” – განაცხადა ლავროვმა, ”რუსეთი არ არის გულგრილი იმის მიმართ, თუ ვინ რა იცოდა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის შესახებ. ეუთოს არც მანდატი და არც შესაძლებლობა არ აქვს შეაჩეროს ომი, მაგრამ ეუთო და მისი დამკვირვებლები მონიტორინგის იმ მექანიზმის ნაწილი არიან, რომელიც შეთანხმებების შესრულებას აკონტროლებს. ჩვენ გვაინტერესებს გავიგოთ რა დაინახეს [ეუთოს] დამკვირვებლებმა და რას და ვის აცნობებდნენ ისინი ამის თაობაზე. ჩვენ არ გვინდა ვინმეს დადანაშაულება, მაგრამ ვითვალისწინებთ რა ინფორმაციის გაჟონვას მედია საშუალებებში, ჩვენ ეს საკითხი ვენაში დავაყენეთ ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს ფარგლებში”.

ეუთოს მისიამ საქართველოში 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნა, რომ ”ის არ გააკეთებს კომენტარს მისი ყოფილი წევრების პერსონალურ განცხადებებზე”.

ალექსანდრე სტუბმა განაცხადა, რომ ეუთოს შეუძლია მხოლოდ დიპლომატიური საშუალებების გამოყენება, რაც, მისი თქმით, წარუმატებელი გამოდგა. ”დიპლომატია წარუმატებელი გამოდგა და ეს სამწუხაროა,” – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button