ახალი ამბები

საქართველო მოუწოდებს ევროკავშირს არ დაუბრუნდეს ”ჩვეულ ურთიერთობას” რუსეთთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა 10 ნოემბერს მოუწოდა ევროკავშირს არ აღადგინოს რუსეთთან ადრე არსებული ურთიერთობა და გააფრთხილა, რომ ამით ის მხოლოდ ”წაახალისებს რუსეთის ფედერაციას აგრესიული ქმედებების გაგრძელებაში საქართველოს და ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს წინააღმდეგ”.

პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფონზე გამოაქვეყნა. შეხვედრაზე რუსეთთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის საკითხი განიხილება.

”დღეს ევროკავშირი შეეცდება უპასუხოს კრიტიკულ შეკითხვას: შეასრულა თუ არა რუსეთმა სარკოზის ხელშეწყობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება? ამ კითხვის ქვეშ კიდევ ერთი, უფრო ღრმა კითხვა დევს: ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა პრინციპზე იქნება დაფუძნებული თუ ხელსაყრელობაზე,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ”ეჭვგარეშეა, რომ დღეს რუსეთი პირდაპირ არღვევს სარკოზის ხელშეწყობით მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. საქართველო დღეს რჩება ქვეყნად, რომელიც  ძალისმიერი გზითაა ოკუპირებული უცხოური ძალის მიერ”.  

"კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული განხორციელება მოითხოვს, რომ რუსეთმა: გაიყვანოს თავისი ძალები ახალგორისა და კოდორის ხეობიდან… შეაჩეროს სამხედრო კონტინგენტის ზრდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც ამჟამად 10 000-ზე მეტი სამხედრო (თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე 7 აგვისტომდე) აშენებს უკანონო სამხედრო ბაზებს; მიანიჭოს საერთაშორისო დამკვირვებლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი შესვლის უფლება… უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის; მონაწილეობა მიიღოს ჟენევის მოლაპარაკებებში," – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა დათანხმდეს და ითანამშრომლოს საერთაშორისო, დამოუკიდებელ გამოძიებასთან აგვისტოს ომის მიზეზების დასადგენად, ”რისი ინიციატივითაც საქართველო პირველად 16 აგვისტოს გამოვიდა”.

  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button