
ევროკავშირი-რუსეთის დიალოგში საქართველოს იგნორირება დაუშვებელია – ბაქრაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 10 ნოემბერს იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს მოუგვარებელ პრობლემებს არ უგულებელყოფს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებებს განაახლებს.
”ამ დღეებში უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირს და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის ან გაგრძელების თაობაზე. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობა არ გაგრძელდება საქართველოს კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე,”- განაცხადა ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
”ცხადია, რომ ჩვენ არ გვაქვს არაფერი საწინააღმდეგო ევროკავშირს და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარების, ოღონდ არსებობს პრინციპული მომენტები, რომელთა იგნორირება არ უნდა მოხდეს. პრინციპულია, რომ რუსეთი, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, არ უნდა იქნეს მიღებული ჩვეულებრივი პარტნიორად და წევრად და საქართველოს თემა უნდა დარჩეს მუდმივ თემად ევროკავშირსა და რუსეთს შორის, სანამ რუსეთი არ შეასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას; პრინციპულია, რომ რუსეთის მხრიდან 7 აგვისტოს სტატუს კვოზე დაბრუნების საკითხი დარჩეს პრინციპულ საკითხად ევროკავშირს და რუსეთს შორის მიმდინარე დიალოგის პირობებში; პრინციპულია, რომ რუსეთის მხრიდან ვითარების ნორმალიზებისაკენ გადადგმული ნაბიჯების აუცილებლობა, ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის ხელშეწყობის აუცილებლობა დარჩეს პრინციპულ საკითხებად მიმდინარე დიალოგის პირობებში,” – განაცხადა ბაქრაძემ.
”ამიტომ, მე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირი შეინარჩუნებს და გააგრძელებს საკუთარ პოლიტიკას, რომელმაც ამ მომენტისათვის რამდენიმე პოზიტიური შედეგი ნამდვილად მოიტანა, რისთვისაც ჩვენ ნამდვილად მადლობლები ვართ ევროკავშირის, მე იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება, მე იმედი მაქვს, რომ განახლების შემთხვევაში, რუსეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებები არ იქნება ფორმატი, სადაც მოხდება ამ უმნიშვნელოვანესი თემების უგულებელყოფა,” – აღნიშნა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ სოფელ პერევში განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე 10 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მომხდარმა აფეთქებამ, რომლის დროსაც ორი ქართველი პოლიციელი დაიღუპა, ცხადყო, რომ რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს. ბაქრაძის განცხადებით, ამ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
”ჩვენ ვნახეთ ყველამ ევროკავშირის მისიის ძალიან ადეკვატური და ზუსტი განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ეს მოვლენები გახდება პოლიტიკური მსჯელობის საგანი ევროკავშირში,” – განაცხადა ბაქრაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)