ახალი ამბები

ტყეშელაშვილი ევროკავშირი-რუსეთის მოლაპარაკებების თაობაზე სარკოზის მოწოდებებს პასუხობს

საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ მან ნამდვილად ვერ გაიგო პრეზიდენტ სარკოზის მიერ ბრიუსელში გაკეთებული ზოგიერთი განცხადება, რომლის თანახმადაც რუსეთმა შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ამიტომაც ევროკავშირი-რუსეთის პარტნიორობის მოლაპარაკებების განახლების პრობლემა არ არსებობს.

”ჩვენ შეგვიძლია გულწრფელად ვთქვათ, რომ ის არ არის შესრულებული,” – იტყობინება AFP ტყეშელაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება 9 ნოემბერს პარიზში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

”მე ნამდვილად მჯერა, რომ ახლა არ არის შესაფერისი მომენტი ამის გასაკეთებლად [მოლაპარაკებების აღსადგენად], სწორედ ახლა რუსეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას,” – განაცხადა მან.

”სხვათაშორის, ევროკავშირის საბჭოს მიერ 1 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება ნათლად აცხადებს, რომ მოლაპარაკებები არ განახლდება, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის ძალებს 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე,” – განაცხადა მან, ”თუ ეს არ ხდება და ჩვენ ისევ გვყავს ათასობით რუსი ჯარისკაცი ჩვენს ქვეყანაში – და ახალგორი სხვათაშორის დედაქალაქიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს – როგორ უნდა ვისაუბროთ მდგრად მშვიდობასა და სტაბილურობაზე?”

 

This post is also available in: English

Back to top button