ახალი ამბები

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია კარასინს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება.

მოკლე განცხადება, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზეა განთავსებული, შეხვედრის დეტალებს არ ახმოვანებს. ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის აგვისტოს ომის შემდეგ. 15 ოქტომბერს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთის და საქართველოს დელეგაციები პირისპირ არ შეხვედრიან.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია, რომელსაც ზუგდიდი-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ხელმძღვანელობს, მოსკოვში ხუთდღიანი ვიზიტით 4 ნოემბერს ჩავიდა.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ასევე შედის 2004 წლამდე საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე, უკვე შეხვდა რუსეთის პატრიარქს ალექსეი II-ს. 

რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლებს  შორის გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კანონიკური იურისდიქცია.

სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილმა, რომელიც რუსეთის საპატრიარქოში საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ის კანონიკური სამართლებრივი გაურკვევლობა, რომელშიც ეს ორი რეგიონი რჩება, არის ”ყველაზე მტკივნეული და ყველაზე რთული საკითხი, რომელიც შესაძლოა დღეს ან ხვალ არ მოგვარდეს”.

მან განუცხადა რუსულ არხს ”ვესტის”, რომ მართალია ეს ორი კანონიკური ტერიტორია ქართული ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რეალურად საქართველოს ეკლესიას არ შეუძლია ”სულიერი მზრუნველობა გაუწიოს” აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მრევლს. მიტროპოლიტმა კირილმა განაცხადა, რომ უნდა მოიძებნოს ამ პრობლემის ”დროებითი, გარდამავალი მოგვარების გზა.”

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button