skip to content
ახალი ამბები

ვადამდელი არჩევნების მისაღწევად 7 ნოემბერს ახალი ოპოზიციური კამპანია დაიწყო

7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა პოლიციის მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის დარბევის ერთი წლისთავი და საპროტესტო აქციების ”ახალი ტალღის” დაწყება აღნიშნა, რომლის საბოლოო მიზანიც 2009 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მიღწევაა.

ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი – დაახლოებით 10 000-დან 15 000-მდე ადამიანი – შეიკრიბა პარლამენტის წინ; მოგვიანებით, მომიტინგეებმა, რომელთაც ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით ”Stop Russia, Stop Misha”, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაინაცვლეს და მშვიდობიანად დაიშალნენ.

”დღეს ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალ ტალღას… რომელიც გაგრძელდება სანამ არ მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს,” – განაცხადა კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ აქციაზე, ”ჩვენ შევთავაზეთ დე ფაქტო ხელისუფლებას [სწორედ ასე მოიხსენიებს ზოგიერთი ოპოზიციური პარტია პრეზიდენტს და პარლამენტს იმის გამო, რომ მათი თქმით, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა] თანამშრომლობის ხელი, რათა მიგვეღწია ეროვნული თანხმობისთვის, შერიგებისთვის, მაგრამ ერთადერთი პასუხი, რომელიც მივიღეთ იყო: არა”. 

6 ნოემბერს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ – მათ, ვინც მონაწილეობა მიიღეს 7 ნოემბრის აქციაში – ახალმა მემარჯვენეებმა, კონსერვატიულმა პარტიამ, სახალხო პარტიამ, ლეიბორისტულმა პარტიამ და მოძრაობამ ერთიანი საქართველოსთვის – გამოაქვეყნეს საინფორმაციო ბიულეტენები, სადაც გააცნეს მხარდამჭერებს მომდევნო ხუთი თვის გეგმები. მასში ნათქვამია, რომ ოპოზიცია აქციების სერიას გამართავს პერიოდულად 2009 წლის 9 აპრილამდე და თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება დაიწყება ეროვნული დაუმორჩილებლობის კამპანია და 24-საათიანი” საპროტესტო აქციები.

”[შარშან] მაშინ ჩვენ ვერ შევძელით ხელისუფლების შეცვლა… მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაკარგულ აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს,” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აქციაზე.
 
”სააკაშვილი დღეს არის დენთის კასრი, რომელიც დევს ამ ქვეყანაში,” – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. ”სააკაშვილი აღარ უნდა უკვე არც ამერიკას, სააკაშვილი აღარ უნდა არც ევროპას, სააკაშვილი ერთადერთი, ვისაც აწყობს დედამიწის ზურგზე, ეს არის რუსეთი. რუსეთის გეგმა 100%-ით განახორციელა სააკაშვილმა”.

”ჩვენ მიზანი ერთი გვაქვს – ამ ხელისუფლების შეცვლა და სხვათა შორის გასამართლება. როდესაც არც ერთი ხელისუფალი არ გასამართლებულა ამ ქვეყანაში იმიტომ ხდება შემდეგ დანაშაულები. ვერავის ვერ მივცემთ იმის გარანტიას, რომ ოღონდ მშვიდობიანად წავიდეს  და მას ასცდება სასჯელი,” – განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა.

ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა მომიტინგეებს, რომ გამოიჩინონ მოთმინება და მიზანს ეტაპობრივად მიაღწიონ.

”ძალიან ბევრს წყინს რატომ არ მთავრდება დღეს [ხელისუფლება], რატომ არ დამთავრდა გუშინ, რატომ არ გათავდა გუშინწინ. არ შეიძლება, რომ გათავდეს ეს საქმე ისე, რომ საქართველომ წააგოს,”- განაცხადა მან მიტინგზე გამოსვლისას, ”ჩვენ ძალიან მძიმე რეგიონები გვაქვს – ჯავახეთი, ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს ქართლში, სხვა რეგიონებში – არ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა”.
 
”სააკაშვილმა საქართველოს დააკარგვინა ფუნქცია კავკასიაში, სააკაშვილმა საქართველოს დააკარგვინა ფუნქცია მთელ მსოფლიოში, ჩვენ ჩვენი თავი აღარ გვეკუთვნის. სხვა ლიდერები წყვეტენ საქართველოს ბედს. ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

“ჩვენ უნდა მივაღწიოთ მის [სააკაშვილის] გადადგომას,” – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”დღეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენს ქვეყანას ორი საფრთხე ემუქრება ერთი ეს არის – რუსეთი, თავისი იმპერიული აგრესიით… და მეორე ჩვენი საფრთხე, მეორე მტერი ეს არის სააკაშვილი. ჩვენ ამ ორივე საფრთხეს უნდა გაუმკლავდეთ”.

ხალხის რაოდენობა 7 ნოემბრის აქციაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე გასულ წელს და ეს მოულოდნელი არ ყოფილა ექსპერტებისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომ თბილისში საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა უჩვენა, რომ დედაქალაქის მოსახლეობა საპროტესტო აქციებისადმი დამოკიდებულება ”ნეგატიურისკენ შეიცვალა.”

”კვლევამ უჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 5% უჭერდა მხარს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციას 7 ნოემბერს,” – განუცხადა კაჭკაჭიშვილმა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს. მას მხედველობაში ჰქონდა სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ოქტომბერში ჩატარებული კვლევა.

”ორი ძირითადი ტენდენცია იკვეთება – პირველი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების დრო არ არის რუსული აგრესიის შემდეგ და მეორე, რომლის თანახმადაც, მართალია, რუსული აგრესია არ უნდა იყოს იმას საფუძველი რომ დავივიწყოთ, რაც შარშან ნოემბერში მოხდა, ამ რესპოდენტების ნაწილის მოთხოვნაა არა საპროტესტო აქციები, არამედ ნოემბრის მოვლენების გამოძიება,”- აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რესპოდენტებში პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერა დაბალია – 26% და სხვა პოლიტიკოსების კიდევ უფრო დაბალი – თბილისის რესპოდენტების ”დიდი უმრავლესობა” ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგია. 

”ეს ნათელი მაჩვენებელია იმისა, რომ საზოგადოებაში გაიზარდა შიშის გრძნობა დესტაბილიზაციის მიმართ, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ,” – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა, ”ძნელია იმის თქმა, რამდენ ხანს შენარჩუნდება ეს განწყობა”.

იმავდროულად, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა, რომელთა ნაწილი ”იმედის” ყოფილი ჟურნალისტია, უარი თქვეს შეერთდებოდნენ ოპოზიციის საპროტესტო აქციას, თუმცა ტელეკომპანია ”იმედის” შენობის წინ შეიკრიბნენ, რომელიც ასევე დაარბია სპეცრაზმმა შარშან ნოემბერში საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button