ახალი ამბები

ეროსი კიწმარიშვილი ფონდს აყალიბებს

ყოფილმა ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავისი ყოფილი თანაგუნდელები მკაცრად გააკრიტიკა, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას, იგი ქმნის ფონდს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით იმუშავებს.

”ამ ფონდის მიზანია საჯარო დისკუსიის ფორუმის შექმნა და საზოგადოებრივი აზრის და საზოგადოებრივი კონსენსუსის ჩამოყალიბება იმაზე, თუ საითკენ მივდივართ და რა გვინდა და როგორ უნდა მივაღწიოთ ჩვენ მიზნებს. კიდევ ერთი პრიორიტეტი იქნება მედიის საკითხები… ხოლო მესამე პრიორიტეტი იქნება ბიზნესი,” – განაცხადა კიწმარიშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ ბიზნესი ახლა ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება, ”მე ვითანამშრომლებ ამ საკითხზე ოპოზიციასთან, ხელისუფლებასთან”.

”მე ხელისუფლების ოპონენტი ვარ სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, ჩემს თავს სამოქალაქო საზოგადოებაში ვხედავ,” – განაცხადა მან 6 ნოემბერს რადიო ”უცნობის” გადაცემაში, რომელსაც ტელეკომპანია ”კავკასია” გადასცემს.

კიწმარიშვილმა, რომელიც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელია, განაცხადა ინტერვიუში, რომ ტელეკომპანიის აქციების ნაწილი ერთი კვირის წინ ფორმალურად გადაეცა მის ამჟამინდელ გენერალურ დირექტორს ირაკლი ჩიქოვანს.

მანამდე, მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო იმ ოფშორული კომპანიის აქციებზე წარმომდგენი, რომელიც მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და რომელიც ”რუსთავი 2”-ის და ”მზის” აქციების 55%-ს ფლობს.

ტელეკომპანიების –  ”მზე” და ”რუსთავი 2”- მფლობელია ორი კომპანია: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი და ”გეომედია ჯგუფი”. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ორივე ტელეკომპანიაში აქციების 45%-ს ფლობს, სხვადასხვა სფეროებში (მათ შორის ქვანახშირის მოპოვების, ენერგეტიკის და ტურისტულ სფეროებში) მოღვაწე უმსხვილესი კომპანიაა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმა, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი. დანარჩენ აქციებს ”რუსთავში 2”-ში და ”მზეში”, ანუ 55%-ს გეომედია ჯგუფი ფლობს. 

ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ამ კომპანიის შესახებ მოიპოვება ის არის, რომ ეს კომპანია მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. თუმცა, რაიმე საჯარო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ დგას ამ კომპანიის უკან მიუწვდომელია.

”ის სახელგანთქმული ოფშორი იყო წარმომდგენზე აქციები, რომელიც სააკაშვილის კაბინეტში იდო მის სეიფში. მართლა იდო, ეს ხუმრობის საგანი არ არის; აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ,” – განაცხადა კიწმარიშვილმა.

2008 წლის მარტში გამოქვეყნებულ საგაზეთო ინტერვიუში ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ჩიქოვანმა კითხვაზე, თუ ვინ არის ტელეკომპანიის მფლობელი, განაცხადა: ”არა მგონია საჭირო იყოს დეტალებზე საუბარი”.

კიწმარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2004 წელს იგი აიძულა ხელისუფლებამ დაეთმო საკუთარი აქციები ”რუსთავი 2”-ში.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button