
სააკაშვილი: მედვედევის გამოსვლის შემდეგ რუსეთზე ილუზიები აღარ არსებობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 ნოემბერს მოუწოდა ევროპას, რომ პრეზიდენტ მედვედევის განცხადების შემდეგ გათავისუფლდეს რუსეთის მიმართ ილუზიებისაგან და გააცნობიეროს, ”თუ რა ძალასთან აქვს საქმე”.
5 ნოემბერს თავის პირველ გამოსვლაში პარლამენტში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გაამართლა აგვისტოს ომი საქართველოსთან და გაახმოვანა გეგმები ”ისკანდერის” სარაკეტო სისტემების კალინინგრადში განთავსების თაობაზე აშშ-ის იმ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ”გასანეიტრალებლად”, რომელიც პოლონეთში და ჩეხეთის რესპუბლიკაში განთავსდება.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მედვედევის განცხადებებმა დაადასტურა, რომ საქართველო არ ყოფილა იზოლირებული შემთხვევა და მოსკოვი აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას.
”ასე რომ თუ ვინმეს რამე ილუზიები ჰქონდა ევროპაში, ჯობია უკვე კარგად გამოიღვიძოს და თვალები მოიფშვნიტოს და კარგად დაინახოს, თუკი ვინმეს ჰქონდა ასეთი ილუზია, თუ რა ძალასთან აქვს საქმე და რომ საქართველო ნამდვილად არ ყოფილა იზოლირებული შემთხვევა და გამონაკლისი,”- განაცხადა მან.
მისი თქმით, მედვედევის რიტორიკამ აჩვენა, რომ საქართველოს აგვისტოს მოვლენების თავიდან აცილება არ შეეძლო.
”თუკი რაიმე კითხვები შეიძლებოდა პირადად მე დამბადებოდა: ხომ არ შეიძლებოდა კიდევ რამის გაკეთება, მიუხედავად ბევრი ნაბიჯისა, რომელიც ჩვენ გადავდგით, რომ რუსეთის აგრესია თავიდან აგვეცილებინა, გუშინდელმა დღემ და მათმა განცხადებებმა საბოლოოდ ყველა ეჭვი და ყველა კითხვა გააქრო,”- აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მწვავე განცხადებები დასავლეთის მიმართ იმ გეგმის ნაწილია, რომლის განხორციელებაც კრემლმა საქართველოში აგრესიით დაიწყო.
”ეს ხალხი თავიდანვე წავიდა გამალებულ კონფრონტაციაზე და საომარ რიტორიკასა და მოქმედებებზე დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყნებთან. ამათ ქონდათ თავიდანვე ეს გეგმა. საქართველო, სამწუხაროდ, ჩვენთვის როგორც ისტორიულად ხშირად იყო, აღმოჩნდა ამ ბრძოლის პირველ ხაზზე. ასეთია ჩვენი გეოგრაფია, სამწუხაროდ, და ასეთია ჩვენი ისტორია. ჩვენ გავუძელით მათი შემოტევის უმეტეს ნაწილს – მათ ვერ შეძლეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განადგურება, მაგრამ მათ არ აქვთ ხელი აღებული მთელი მსოფლიოს დაშანტაჟებაზე, მთელ მსოფლიოსთან სამხედრო თამაშებზე”.
”ხდება ის, რასაც მე ვვარაუდობდი,”- განაგრძო მან, ”ის რაც დაიწყო საქართველოში ღიად, ეს გრძელდება ყველგან დანარჩენი მიმართულებით, ჩვენი მეგობრების მიმართულებით, ჩვენი მოკავშირეების მიმართულებით, ასე რომ, ეს არ არის ჩვენი ბრძოლა… ეს არის უკვე ავტორიტარული, თავზეხელაღებული ძალების ბრძოლა დემოკრატიის და პროგრესის წინააღმდეგ”.
მისი თქმით, ეს ”ავტორიტარული ძალები” საბოლოო ჯამში დამარცხდებიან, ”რაც უფრო მეტად გათავხედდებიან, რაც უფრო თავზე ხელს აიღებენ, რაც უფრო ყველას დაემუქრებიან, რაც უფრო მეტ რაკეტას დააყენებენ”.
”ეს უბრალოდ რაკეტები კი არ არის, ეს არის ”ისკანდერის” რაკეტები, რომლებიც ათეულობით გაისროლეს მათ საქართველოში. საბჭოთა კავშირი იმუქრებოდა, აყენებდა და მერე უკან გაჰყავდა. ესენი აყენებენ და ისვრიან – ეს ჩვენ საქართველოში უკვე ვნახეთ,”- განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English