
ლავროვი საქართველოსთვის კვლავ იარაღის ემბარგოსკენ მოუწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, პირველი ნაბიჯი, რაც უცხოურმა ქვეყნებმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ უნდა გადადგან, არის საქართველოსთვის თავდასხმითი იარაღის მიწოდებაზე უარის თქმა და ”ჩვენ მოვითხოვთ ამას”.
”ზუსტად ეს არის ახლა მთავარი, რაც შეეხება სხვა ქვეყნების პოზიციას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში,” – იუწყება ”ინტერფაქსი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
მან ეს განცხადება თავის ნიკარაგუელ კოლეგასთან სამუელ სანტოს ლოპესთან მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიკარაგუა მეორე სახელმწიფოა რუსეთის შემდეგ, რომელმაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.
პირველად ლავროვმა ”სააკაშვილის რეჟიმისთვის” იარაღის ემბარგოსკენ სექტემბრის დასაწყისში მოუწოდა, რის შემდეგაც მსგავსი განცხადებები პერიოდულად გაისმის მოსკოვიდან.
ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა განაცხადა, რომ ვაშინგონისთვის ეს თემა არ წარმოადგენს პირველი რიგის ამოცანას იმ სამხედრო უპირატესობის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთს რეგიონში გააჩნია.
იმავდროულად, 28-29 ოქტომბერს ვაშინგტონში გაიმართა აშშ-საქართველოს კონსულტაციები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სტატეგიული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით. საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, მხარეებმა თავდაცვის რეფორმირების, ნატო-ში ინტეგრაციის და თავდაცვის ქმედითუნარიანობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.