ახალი ამბები

სააკაშვილი: 7 ნოემბერმა გაკვეთილი გვასწავლა

ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის ერთ წლისთავამდე გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ისწავლა გაკვეთილი 7 ნოემბრის მოვლენებიდან.

ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როცა რამდენიმე ოპოზიციური პარტია 7 ნოემბერს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. აქციის ფორმალური მიზეზია 7 ნოემბრის მოვლენების ერთი წლისთავი; თუმცა, ოპოზიციამ შესაძლოა პოლიტიკური მოთხოვნებიც დააყენოს, მათ შორის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ზუსტ გეგმაზე და ტაქტიკაზე კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

სააკაშვილის თქმით, 7 ნოემბრის მოვლენები ”საქართველოსთვის და განსაკუთრებით პირადად ჩემთვის” ადვილი გასახსენებელი არ არის.

”ჩვენი ვალია, რომ ეს გასული წლის ნოემბერი ყველამ კარგად დავიმახსოვროთ და ყველამ კარგად გავითავისოთ, თუ რა მოხდა და ყველამ ჩვენი დასკვნები და გაკვეთილები გამოვიტანოთ, თუნდაც იმისათვის, რომ ასეთი რამ არასდროს აღარ განმეორდეს საქართველოში,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”7 ნოემბერმა ჩვენ ყველას კარგად გვასწავლა დიდი გაკვეთილი, დაგვანახა ის შეცდომები, რომელსაც მანამდე ვუშვებდით; დაგვანახა რამდენად მეტად უნდა უსმინოს საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ საკუთარ ხალხს, პრეზიდნეტმა საკუთარ ხალხს, რამდენად მეტად არის საჭირო, რომ არ ჩაწყდეს ხიდი, არ გაწყდეს დიალოგი მთავრობასა და საზოგადოების ყველა, თუნდაც ყველაზე პატარა ჯგუფს შორის,” – განაგრძო სააკაშვილმა. ”7 ნოემბერმა ასევე გვასწავლა, რომ საჭიროა ერთიანობა და ერთმანეთის გატანა, თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს მართლაც დემოკრატიული საზოგადოება. გვასწავლა, რომ ურთიერთქიშპობა და ერთმანეთთან დაპირისპირება არ არის ჩვენი განსხვავებების და აზრთა სხვადასხვაობის მოგვარების გზა. ეს არის ჩიხში მიმავალი მიმართულება. და მე მინდა გითხრათ, რომ გვასწავლა, რომ ერთიანობაზე დიდი ფასეულობა არ არის. თუ არა ეს გაკვეთილები, ჩვენ ვერ შევძლებდით აგვისტოში არნახული აგრესიის პირობებში მსოფლიოსთვის ასევე არნახული ერთიანობის დემონსტრირებას, რაც სხვათა შორის საქართველოს ისტორიაში ძალიან იშვიათად მომხდარა”.

”მე ვფიქრობ 7 ნოემბრის შემდეგ ბევრი რაღაცა შეიცვალა საქართველოში, ჩვენ ვართ ბევრად უფრო წინ, ბევრად უფრო მომწიფებული, ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო წინ წასული საზოგადოება ბევრი გაგებით. ჩვენ დავიწყეთ ბევრი დემოკრატიული რეფორმა და ვდგავთ ნაბიჯებს იმისათვის, რომ  პარლამენტი იყოს უფრო ძლიერი, უფრო მეტი საზოგადოებრივი კონტროლი იყოს, უფრო მეტი ჩართულობა იყოს ოპოზიციის სახელმწიფო საქმიანობაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩამოყალიბდეს ზუსტი და ბევრად უფრო გამართული თამაშის წესები,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”მე ვფიქრობ 7 ნოემბრის გაკვეთილი ყველამ კარგად ვისწავლეთ, ანუ უმრავლესობამ კარგად ვისწავლეთ. მე ვლაპარაკობ საზოგადოების უმრავლესობაზე. საქართველო დღეს უფრო დემოკრატიული ქვეყანაა, ვიდრე იყო ერთი წლის წინ. ხელისუფლება უფრო ახლოს არის ხალხთან, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ, ოპოზიცია უფრო გავლენიანია, მიუხედავად მათი წარმომადგენლობისა თუ არა წარმომადგენლობისა პარლამენტში, ვიდრე ერთი წლის წინ,” – განაცხადა სააკაშვილმა

მან ასევე განაცხადა, რომ ”სამართლებრივი რეფორმების ახალი ტალღა” მიმდინარეობს და იგი ელის ნაფიც მსაჯულთა სისტემის ამოქმედებას თბილისის სასამართლოებში 2009 წლის იანვრიდან.

მის ამ განცხადებას წინ უძღოდა მთავრობის შეცვლის შესახებ განცხადება და ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა – ეს არის 35 წლის დიპლომატი გრიგოლ მგალობლიშვილი, რომელსაც საგარეო უწყებაში მუშაობის 13 წლის გამოცდილება აქვს, თუმცა შიდა პოლიტიკურ პროცესებში არასდროს ყოფილა ჩართული.

მგალობლიშვილი ლადო გურგენიძეს შეცვლის, რომელიც ასევე ახალი სახე იყო ქართულ პოლიტიკაში, როდესაც იგი ნოემბრის მოვლენებიდან ცხრა დღეში პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა.

დღესვე პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილმა მოკავშირემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ახალი ”მკვეთრად ოპოზიციური” პარტიის დაარსების შესახებ გააკეთა განცხადება. ”ბოლო პერიოდმა აშკარად დაგვანახა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩვენს ხელისუფლებაში არიან არა აქვთ უნარი თავიდან აგვაცილონ საფრთხეები,” – ნათქვამია ბურჯანაძის ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.   

იმავდროულად, საინფორმაციო სააგენტო ”პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია ლევან გაჩეჩილაძეს, კოკა გუნცაძესა და ზურაბ ნოღაიდელს შორის გასულ კვირას გამართული შეხვედრის თაობაზე. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გასულ თვეს თავის საგაზეთო ინტერვიუში სააკაშვილის ადმინიტრაცია გააკრიტიკა და პოლიტიკურ არენაზე დაბრუნების გეგმები გაახმოვანა.

ამავე სააგენტოს ცნობით, შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა და მას შემთხვევით სააგენტოს ჟურნალისტი შეესწრო. სააგენტოს თქმით, ჟურნალისტმა გაიგო, რომ ლევან გაჩეჩილაძემ ჰკითხა მის თანამოსაუბრეებს, თუ რომელი თარიღი იქნებოდა უფრო მისაღები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის – 4 იანვარი თუ 20 იანვარი. სააგენტო ასევე იტყობინება გაჩეჩილაძის სიტყვებზე დაყრდნობით: ”შარშან ნოემბერში განსხვავებული სიტუაცია იყო… რუსული ფონი [იგი გულისხმობდა იმას, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციამ დარტყმა განიცადა აგვისტოს ომის შედეგად] უპირატესობას გვანიჭებს. სააკაშვილი უნდა დამთავრდეს”.   

თუმცა, ლევან გაჩეჩილაძემ უარყო ეს ინფორმაცია და ”რუსთავი 2”-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ეს ”პროვოკაციაა”.

კოკა გუნცაძემ განუცხადა ამავე ტელეკომპანიას, რომ ის და გაჩეჩილაძე ნოღაიდელს ”შემთხვევით” შეხვდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომ სამმა ადამიანმა პოლიტიკური საკითხები განიხილეს ”სრული სისულელეა”. 

 

მსგავსი/Related

Back to top button