
ნინო ბურჯანაძე ახალ პარტიას ქმნის
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე ახალ ”მკვეთრად ოპოზიციურ” პოლიტიკურ პარტიას ქმნის სახელწოდებით დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.
”ბოლო პერიოდმა აშკარად დაგვანახა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩვენს ხელისუფლებაში არიან არა აქვთ უნარი თავიდან აგვაცილონ საფრთხეები. აქედან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძე აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება”, – ნათქვამია ბურჯანაძის ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 23 ნოემბერს, ”ვარდების რევოლუციის” მე-5 წლისთავზე გაიმართება. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.
”სწორედ 23 ნოემბერს, რადგან 2003 წლის 23 ნოემბერს ხალხისთვის მიცემული პირობა დაირღვა. ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფოს ნაცვლად ავტორიტარული რეჟიმი მივიღეთ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო იქნება მკვეთრად ოპოზიციური. ეს პარტია იქმნება იმისათვის, რომ ქვეყანასა და საზოგადოებას პრობლემები კი არ შეუქმნას, არამედ გადაუწყვიტოს და მოუგვაროს პრობლემები”. ”დემოკრატიული მოძრაობა ითანამშრომლებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და პიროვნებასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ იღვაწებს,” – ნათქვამია განცხადებაში.
დემოკრატიული მოძრაობა დაეფუძნება საქართველოს ერთიანობის იდეას, ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებს, ევროატლანტიკურ და დასავლურ დემოკრატიულ ფასეულობებს.
დღევანდელ პრესკონფერნციაზე არ დასახელებულა კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც გაწევრიანდებიან პარტიაში. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დემოკრატიული მოძრაობა ისეთ ადამიანებს გააერთიანებს, რომლებმაც კონკრეტულად იციან რა სჭირდება ქვეყანას.
”მათი უმრავლესობა არ არის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან! ჩვენი თანაგუნდელები აცნობიერებენ, რომ დღეს ქვეყანა განსაკუთრებულ ვითარებაშია და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
პარლამენტის ყოფილი თვამჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას 2008 წლის 21 მაისს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ გაემიჯნა, მაშინ როცა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. მოგვიანებით, ივლისში ნინო ბურჯანაძემ დემოკრატიული განვითარების ფონდი შექმნა. ამ ხნის მანძილზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლების კრიტიკით გამოდიოდა, განსაკუთრებით კი აგვისტოს მოვლენების შემდეგ.