ახალი ამბები

სოხუმი თბილისს ”ფართომასშტაბიან ტერორიზმში” ადანაშაულებს

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში ”ფართომასშტაბიან ტერორისტულ საქმიანობას” ახორციელებს, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 26 ოქტომბერს სეპარატისტული რეგიონის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

სულ ცოტა ერთი აფხაზი სამხედრო დაშავდა გალის რაიონის სოფელ ფიჩორში 25 ოქტომბერს გვიან მომხდარი თავდასხმის დროს. აფხაზური მხარის განცხადებით, ყუმბარები ქართულ სოფელ განმუხურიდან იქნა ნასროლი. 

თუმცა, ქართულ ტელეკომპანიებს მომხდართან დაკავშირებით განსხვავებული ინტერპრეტაცია ჰქონდათ. მათი თქმით, აფხაზი მებრძოლები ”რუს ჯარისკაცებსა და აფხაზურ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის” შეტაკების შედეგად დაშავდნენ. ამავე ინფორმაციით, შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც რუსულმა ძალებმა დაჟინებით მოსთხოვეს აფხაზებს შეეწყვიტათ სოფლის პატრულირება.

ამ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე სოფელ მუჟავაში აფეთქების შედეგად ქართველი გამგებელი დაიღუპა, 22 ოქტომბერს აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განყოფილების უფროსი ედუარდ ემინ-ზადე და გალის რაიონის კიდევ ორი მკვიდრი იქნა მოკლული გალში. ორი დღის შემდეგ აფხაზეთის ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელი რომან აშუბა იქნა მოკლული გალის რაიონის სოფელ დიხაზურგაში.

”ოფიციალურმა თბილისმა ფართომასშტაბიანი ტერორისტული საქმიანობა დაიწყო აფხაზეთის ტერიტორიაზე და გალის რაიონში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ამას დასტურია,” იტყობინება ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით. ”ოთხი აფხაზი მოქალაქის – მათ შორის სამოქალაქო პირების და სამართალდამცავების – მკვლელობა იმ ქართველმა ტერორისტებმა ჩაიდინეს, რომლებიც აფხაზეთში საქართველოდან შემოვიდნენ”.

მან დაავალა სამართალდამცალ ორგანოებს ადექვატური პასუხი გასცენ საქართველოს ყველა პროვოკაციას და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება. 

”ბოლო მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს მცდელობა ხელში ჩაიგდონ გალის რაიონი,” – დასძინა ბაღაფშმა.

”აფსნიპრესი” ასევე იტყობინება, რომ შეიქმნება სპეციალური ორგანო, რომელიც ”გამოავლენს და გაანადაგურებს იმ ქართველ ტერორისტებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ”. აფხაზეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს ანატოლი ზაიცევს და უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილეს ნუგზარ სამსონიას ამ ორგანოს ხელმძღვანელობა დაევალათ.

სხდომაზე საუბრისას ბაღაფშმა ასევე მიკერძოებაში დაანაშაულა ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში.

”ისინი არასწორად აფასებენ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, რომელმაც ტერორიზმი სახელმწიფო პოლიტიკად აქცია,” – განაცხადა ბაღაფშმა.

ანალოგიური ბრალდებები მისიის წინააღმდეგ მანამდე რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ევროკავშირის მისია ორივე თვითგამოცხადებული რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზეა განთავსებული.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა 24 ოქტომბერს აღნიშნა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ საშუალება შევიდნენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შიგნით რათა გადაამოწმონ განცხადებები იმის თაობაზე, რომ ქართული მხარე ცეცხლის ხსნის მათი მიმართულებით.

”ჩვენ ვთხოვთ, ვაკაკუნებთ კარებზე და მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს შესაძლოა საკუთარი ინტერესი ჰქონდეთ ჩვენს შეშვებაში, თუ უნდათ, რომ სავარაუდოდ ქართული მხრიდან განხორციელებული სროლები გამოძიებულ იქნას,” – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button