პარლამენტის თქმით, რუსეთი ”აშკარად არღვევს” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ძალების 2,000-ით სამხედროთი გაზრდა, რის შედეგადაც მათმა რაოდენობამ 7,000-ს მიაღწია ”აგრესიის გაფართოების საფრთხეს ზრდის,” განაცხადა საქართველოს პარლამენტმა 23 ოქტომბერს მიღებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეშფოთების წყაროს წარმოადგენს ცხინვალის და ახალგორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელსაც, პარლამენტის თქმით, სამხედრო მიზანი აქვს.
”საქართველოს პარლამენტი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექსვპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევის გამო.
აღნიშნული შეთანხმება მკაცრად ავალდებულებს რუსულ მხარეს ძალების ექვსი აგვისტოს მდგომარეობაზე დაბრუნებას, რაც გულისხმობს ოკუპირებული ახალგორის რაიონის, ცხინვალის გარშემო ქართული სოფლების, საჩხერის რაიონის სოფ. პერევის და ზემო აფხაზეთის დატოვებას,” – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მოსთხოვონ რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას საქართველოს საჰაერო სივრცის შემდგომი დარღვევის, პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისგან, მათ შორის, აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების შექმნისგან თავის შეკავება; მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო, მათ შორის, პირველ რიგში, ევროკავშირისა და ეუთოს დამკვირვებელთა დაშვების უზრუნველყოფა; მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას მის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა, ყველა იძულებით გადაადგილებული პირის ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისათვის ხელის შეწყობა; მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633 რეზოლუციის, მათ შორის, 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესრულება, რომელიც მხარეებს ავალდებულებს იმუშაონ ახალი სამშვიდობო პროცესისა და სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის საკითხზე; ევროპის საბჭოს იმავე რეზოლუციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობის ცნობის გაუქმება; ხელი შეუწყონ უმოკლეს დროში კონფლიქტის ესკალაციის და მიზეზების თაობაზე საერთაშორისო, დამოუკიდებელი გამოძიების მექანიზმის შემუშავებასა და ამოქმედებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)