ახალი ამბები

პრემიერობის კანდიდატი პრიორიტეტებზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გრიგოლ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ იგი კონსულტაციებს მართავს მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე. მან აღნიშნა, რმთავრობაში ”გარკვეული ცვლილებები” იქნება, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

28 ოქტომბერს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა – 35 წლის დიპლომატმა, რომელიც არასდროს ყოფილა ჩართული პოლიტიკაში, განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტები იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება. 

”პრიორიტეტული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტები, ერთადერთი გზა იმ ძალასთან დასაპირისპირებლად, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, არის ლიბერალური ეკონომიკა, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა,” – დასძინა მგალობლიშვილმა.

მან შეაქო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე და განაცხადა, რომ ”მნიშვნელოვანია, რომ იგი არ ტოვებს გუნდს”. გურგენიძე ახალ კომისიას უხელმძღვანელებს, რომელსაც, პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ფინანსური სექტორის სტაბილიზაცია დაევალება. ”ვიმედოვნებ, რომ მივიღებ მის რჩევებს,” – განაცხადა მგალობლიშვილმა.

ქართული მედია ვარაუდობდა 28 ოქტომბერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ზურაბ ადეიშვილი იუსტიციის მინისტრი გახდება – ეს სტრუქტურა უკვე გენერალურ პროკურატურასაც აერთიანებს. 2008 წლის იანვარში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე ადეიშვილი გენერალური პროკურორი იყო.

მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ეკა ტყეშელაშვილის მოადგილე გიგა ბოკერია დაიკავებს. 28 ოქტომბერს ბოკერიამ უარი თქვა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან. იმავდროულად, ეკა ტყეშელაშვილმა პრაღაში რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს კითხვაზე ხედავს თუ არა ის საკუთარ თავს ახალი მთავრობის შემადგენლობაში უპასუხა, რომ იგი მზად არის განაგრძოს მუშაობა მთავრობაში. მისი თქმით, საკუთარ თავს ის ხედავს ადამიანად, რომელსაც შეუძლია, თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად, წვლილი შეიტანოს საქართველოს ინტერესების დაცვაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button