აფხაზეთში ორი რუსული ბაზა განთავსდება – შამბა
რუსეთი თავის ძალებს აფხაზეთის ორ სამხედრო ბაზაზე განათავსებს – გუდაუთაში და ოჩამჩირეში, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 21 ოქტომბერს.
რუსულ ძალებს ასევე ექნებათ საგუშაგოები ზემო კოდორის ხეობაში, იტყობინება ”აფსნიპრესი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.
შამბას თქმით, რუსეთს სულ 3,800 სამხედრო ეყოლება აფხაზეთში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგივე რაოდენობის სამხედროები რუსეთს სამხრეთ ოსეთშიც ეყოლება.
”შედეგად, აფხაზეთი მიიღებს შესაბამისს უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთისგან,” – დასძინა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან პარტნიორობის და თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად, დაგეგმილია რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც საფუძველს შექმნის რუსეთის დახმარებისთვის აფხაზეთის საზღვრის დაცვის საქმეში.
იმავდროულად, რუსული გაზეთი ”კომერსანტი” იტყობინება 21 ოქტომბერს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აპირებს უზრუნველყოს აფხაზური და სამხრეთ ოსური საზღვრების დაცვა. საზღვრის დაცვის სამსახური რუსეთში უშიშროების ფედერალურ სამსახურს ექვემდებარება. გაზეთის ცნობით, შესაბამის შეთანხმებას მას შემდეგ მოეწერება ხელი, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ორ სეპარატისტულ რეგიონთან პარტნიორობის და თანამშრომლობის ხელშეკრულებების რატიფიცირებას მოახდენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)