
მოსკოვი ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ ჩაშალა ჟენევის პლენარული სხდომა.
”დე ფაქტო ღონისძიება ჩაშალა საქართველომ უარი თქვა რა პლენარულ სხდომაში მონაწილეობაზე,”- იტყობინება ”ინტერფაქსი” კარასინის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
თუმცა მან, იმავდროულად, საპირისპირო განცხადება გააკეთა: ”შეხვედრის ჩაშლა ვერ მოხერხდა, ის შედგა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.
მისი ინფორმაციით, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი ჟენევაში 18 ნოემბერს შედგება.
მანამდე საქართველო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში განუცხადა ჟურნალისტებს, რომ რუსულმა დელეგაციამ მიატოვა ჟენევის მოლაპარაკებები, ”მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იყო ძალიან კონსტრუქციული”.