
აფხაზი დეპუტატები ბელარუსს და ირლანდიას აღიარების თხოვნით მიმართავენ
სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა დღეს ორი მიმართვა მიიღო ბელარუსის და ირლანდიის პარლამენტებისადმი, რომლებშიც საქართველოს ამ რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
აფხაზმა დეპუტატებმა მადლიერება გამოხატეს იმ პოზიციის გამო, რომელიც ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის მიერ 26 აგვისტოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე გამოხატა.
8 სექტემბერს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ”მოვა დრო” და ბელარუსი განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს, ”როგორც ეს რუსეთმა გააკეთა”. უფრო ადრე მან განაცხადა, რომ რუსეთს არ ჰქონდა სხვა არჩევანი, გარდა აღიარებისა.
”აფსნიპრესი” ასევე იტყობინება, რომ აფხაზი დეპუტატები მონაწილეობას მიიღებენ რუსეთისა და ბელარუსის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, რომელიც 16-17 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართება.
აფხაზი დეპუტატები ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოს სახელზე მიღებულ მიმართვაში აცხადებენ, რომ აფხაზეთმა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მოიპოვა დამოუკიდებლობა და აღიარება, ”ისევე როგორც თავის დროზე ირლანდია მრავალწლიანი შეუპოვარი ბრძოლის შედეგად გამოცხადდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად”.
საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების დამოუკიდებლობა რუსეთის შემდეგ მხოლოდ ნიკარაგუამ აღიარა. ამ ნაბიჯის მიმართ საჯარო მხარდაჭერა გამოხატა ვენესუელამაც.