skip to content
ახალი ამბები

სტატუს კვოს აღდგენამდე, რუსეთი არღვევს შეთანხმებას – თბილისი

რუსეთი კვლავ უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რადგან არ არის აღდგენილი აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე არსებული სტატუს კვო, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 ოქტომბრის განცხადებაში

”რუსეთის საოკუპაციო ჯარის ქვედანაყოფები კვლავ უკანონოდ ინარჩუნებენ პოზიციებს საჩხერის რაიონის სოფელ პერევთან და ახალგორის რაიონში… სოხუმის სეპარატისტებთან ერთად კვლავ უკანონოდ აკონტროლებენ ზემო აფხაზეთის ტერიტორიას, საიდანაც განდევნილია ადგილობრივი ქართული მოსახლეობა,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების საპასუხოდ გამოქვეყნდა.

9 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაასრულა ძალების გაყვანის პროცესი საქართველოდან, რაც ”შეესაბამება მედვედევი-სარკოზის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის დოკუმენტებს”.

”მიუხედავად იმისა, თუ რა მოსაზრებები გააჩნია ამის თაობაზე რუსულ მხარეს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები დატოვებენ საქართველოს მთელ ტერიტორიას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შესაძლებელი გახდება საუბარი რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების შესახებ იმ ნაწილში, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით არსებული status quo ante-ს აღდგენას შეეხება,”- აცხადებს ოფიციალური თბილისი, ”რუსულ მხარეს ვურჩევთ გააცნობიეროს, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი არცერთი ოკუპანტი არ დარჩება”.

საქართველოს საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ რუსული მხარე უკანონოდ ინარჩუნებს და ზრდის თავის სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე და ”ამასთან, მკაცრად ეწინააღმდეგება ამ რეგიონებში ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების შეშვებას, რაც გამორიცხავს მისი საჯარისო ნაწილების რაოდენობისა და შემადგენლობის დამოუკიდებელ ვერიფიკაციას”.

ამასთან საგარეო უწყება ამბობს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიების დატოვების შემდეგ რუსულმა ძალებმა და მათმა ”სეპარატისტმა თანამზრახველებმა დარბეული, გადამწვარი და განადგურებული ქართული სოფლები დატოვეს”.

იმავდროულად, ქართული მხარე აცხადებს, რომ ჟენევაში 15 ოქტომბერს დაგეგმილ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე განიხილავს დევნილთა ”უსაფრთხო და ღირსეული” დაბრუნების საკითხს და  ”სეპარატისტებისა და რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოში გატარებული მასობრივი ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგების აღმოფხვრას”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button