ახალი ამბები

მოსკოვის თქმით, ”ბუფერულ ზონებს” უკვე ევროკავშირის დამკვირვებლები აკონტროლებენ

9 ოქტომბრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების კონტროლი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გადაეცა, განაცხადა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ.

მისი თქმით, რუსეთმა ძალების გაყვანის ვალდებულება ”ორგანიზებულად” და ”სკურპულოზურად” შეასრულა.

იმავდროულად, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა განაცხადა, რომ რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული ძალების გასვლის შემდეგ ვითარება ”საგრძნობლად გართულდა”.

მისი თქმით, ევროკავშირის დამკვირვებლების როლი ”გაუგებარია”.

”ქართულმა მხარემ ოპერატიულად შემოიყვანა აქ დიდი რაოდენობით ძალოვანი სტრუქტურები,”- იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 9 ოქტომბერს მინძაევის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ისინი ახლოს მოიწევენ სამხრეთ ოსეთის საზღვრისკენ და აქ განთავსებული პოსტებისკენ, უკეთებენ რა მათ პროვოცირებას იარაღის გამოყენებაზე”.

მინძაევის განცხადებით, ყველაფერი ეს ევროკავშირის დამკვირვებლების თვალწინ ხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button