ახალი ამბები

საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება ადრეა – მერკელი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ჯერ ადრეა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება, იუწყება AFP.

”პოზიცია იმის შესახებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ წევრობა, ეს არაა გერმანიის პოზიცია,”- განაცხადა მან 2 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 

გერმანიის კანცლერის თქმით, ნატოს დეკემბრის მინისტერიალი ”წინასწარ შეფასებას მისცემს MAP-ისკენ მიმავალ გზას”.

აპრილის ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და განაცხადეს, რომ MAP-ის საკითხს მინისტერიალი დეკემბერში ისევ დაუბრუნდება. ბუქარესტში ამ ქვეყნებისთვის  MAP-ის მინიჭებას ღიად ეწინააღმდეგებოდა გერმანია.

”გერმანიის პოზიცია არ შეცვლილა ბუქარესტის სამიტის შემდეგ,”- აღნიშნა მერკელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button