ახალი ამბები

ევროპის საბჭოს დეპუტატები საქართველო-რუსეთის ომის გამოძიებას ითხოვენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) 2 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში მოუწოდებს საქართველოსა და რუსეთს შორის ომის საერთაშორისო გამოძიებისკენ და იმავდროულად, მოსკოვს თხოვს შეცვალოს გადაწყვეტილება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების თაობაზე.

PACE-მ რეზოლუცია საშემოდგომო სესიის ფარგლებში აგვისტოს მოვლენების შესახებ 30 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს გამართული დებატების შედეგად მიიღო.

ასამბლეა აცხადებს, რომ საქართველომ და რუსეთმა, ორივემ დაარღვიეს ევროპის საბჭოს პრინციპები და ღირებულებები და ასევე თავიანთი ვალდებულებები კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე. ორივე მხარე პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაზე.

ასამბლეა აცხადებს, რომ ომამდე დიდი ხნის ადრე დაიწყო სიტუაციის ”სერიოზულ” გაუარესება და პროვოკაციები, თუმცა ”დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები არ გადაიდგა და სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა კონფლიქტის ორივე მხარისთვის ერთ-ერთი ვარიანტი გახდა”.

”ქართველი სამხედროების მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს, გაფრთხილების გარეშე, ცხინვალის დაბომბვის დაწყებამ ესკალაცია ახალ დონეზე გადაიყვანა, კერძოდ სიტუაცია ღია და ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. მძიმე შეიარაღების და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული რისკი შეუქმნა მოქალაქეებს, წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, თუმცა მის საკუთარ ტერიტორიაზე,”- ნათქვამია რეზოლუციაში.

პარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის კონტრიერიში ასევე არაპროპორციული იყო.

”რუსეთის კონტრშეტევა, მათ შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო ქმედებები ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოში და აფხაზეთში, არ შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპის და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას და წარმოადგენდა ევროპის საბჭოს პრინციპების, ასევე საწესდებო ვალდებულებების და რუსეთის, როგორც წევრი სახელმწიფოს ვალდებულებების დარღვევას,” – ნათქვამია რეზოლუციაში.

დისკრიმინაციული ძალის და იარაღის გამოყენება დასახლებულ ადგილებში ორივე მხარის ძალების მიერ ”შეიძლება ჩაითვალოს ომის დანაშაულად”, მიიჩნევს ასამბლეა.

იმავდროულად, ასამბლეა ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და მოუწოდებს რუსეთს შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. ევროპის საბჭოს დეპუტატებმა ასევე მიმართეს სხვა ქვეყნებს არ აღიარონ საქართველოს ეს ორი სეპარატისტული რეგიონი.

ასამბლეამ ასევე მოუწოდა რუსეთს შეუშვას ევროკავშირის და ეუთოს დამკვირვებლები ორივე რეგიონში. ”ამასთან, უთანხმოებამ ე.წ. ბუფერულ ზონაში ევროკავშირის დამკვირვებლების როლის თაობაზე შესაძლოა გამოიწვიოს უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების კიდევ უფრო გაუარესება, შეაფერხოს დევნილთა დაბრუნება მას შემდეგ, რაც იქიდან რუსული ძალები გავლენ,” – შიშობენ ევროპელი დეპუტატები.

პარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს ასევე ”სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართულ სოფლებში და ბუფერულ ზონაში შეიარაღებული მებრძოლების და ბანდფორმირებების მიერ, რომელთა შეჩერება რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს, განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის გამო”. 

”ამგვარი ქმედებები ძირითადად 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განხორციელდა და დღესაც გრძელდება,” – ნათქვამია რეზოლუციაში.

ასამბლეამ მოუწოდა როგორც რუსეთს, ისე საქართველოს შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, როგორც ”მინიმალური პირობა” აზრიანი დიალოგის დასაწყებად.

”ეს ეხება რუსეთის ვალდებულებას გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის პროვოკაციისაგან იმ მიხნით, რომ გაამართლოს ძალების შენარჩუნება ე.წ. ”ბუფერულ ზონებში,”- ნათქვამია რეზოლუციაში.

ასამბლეა ასევე მოუწოდებს მხარეებს იმუშაონ ახალი სამშვიდობო ფორმატის შექმნისა და სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის საქმეში, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აქტიური მონაწილეობით; უპირობოდ მიიღონ მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში 15 ოქტომბერს, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სტაბილურობას და უსაფრთხოებას მიეძღვნება; უზრუნველყონ მედიის უსაფრთხო და შეუფერხებელი შესვლა კონფლიქტის ზონებში; შეუერთდნენ კონვენციას კასეტური შეიარაღების თაობაზე.

ასამბლეამ ასევე მოუწოდა რუსეთს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას უზრუნველყონ ყველა იძულებით გადაადგილებული პირის ნებაყოფლობით უკან დაბრუნება და დაუყონებლივ გაათავისუფლონ და გაცვალონ მძევლები, ტყვეები და კონფლიქტის შედეგად დაკავებული სხვა ადამიანები.

ასამბლეა დარწმუნებულია, რომ დიალოგის გამართვა საუკეთესო გზაა ნებისმიერ კონფლიქტის მოგვარებისთვის და გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

”ამგვარი დიალოგის ხელშეწყობისთვის, ასამბლეა განიხილავს მისი ეგიდით სპეციალური კომიტეტის შექმნის საკითხს, რომელშიც ქართველი და რუსი პარლამენტარები მიიღებენ მონაწილეობას, რათა განიხილონ ყველა უთანხმოება და შემოთავაზებული გზები არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად,” – ნათქვამია რეზოლუციაში.       

ასამბლეა რეკომენდაციას აძლევს მინისტრთა კომიტეტს შეიმუშაონ ”სამოქმედო გეგმა” და კონკრეტული ზომები მიიღონ ორგანიზაციის ორ წევრ სახელმწიფოს შორის არსებული კრიზისის საპასუხოდ.

ქართული მხარე, ”ზოგიერთი გამონაკლისის” გარდა, მიესალმა რეზოლუციის სულისკვეთებას, განსაკუთრებით კი იმ დებულებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას უკავშირდება; ასევე მნიშვნელოვან მომენტად იქნა მიჩნეული ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებული საკითხების შეფასება.

"დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ ქართველთა ეთნოწმენდის ფაქტები ხორციელდებოდა  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგაც. ამ პერიოდში ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა კონფლიქტის ზონაში რუსეთს და მის შეიარაღებულ ძალებს ეკისრებოდათ,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ,  ”ასეთი შეფასება არის პირდაპირი საფუძველი იმის, რომ ქართულმა მხარემ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებში, მოითხოვოს ეთნიკური წმენდის ჩამდენთა,  მფარველთა და ორგანიზატორთა გასამართლება”.

რუსული მხარის შეფასებით, რეზოლუცია ”დაუბალანსებელი” და ”ურთიერთგამომრიცხავია”. ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ  კონსტანტინ კოსაჩოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს შეცვალოს გადაწყვეტილება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების თაობაზე.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button