skip to content
ახალი ამბები

რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჯარს დატოვებს – პუტინი

რუსული ჯარების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნის საკითხი დამოკიდებულია მხოლოდ მოსკოვსა და ამ ორ რეგიონს შორის მიღებულ გადაწყვეტილებაზე, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 20 სექტემბერს.

სოჭში თავის ფრანგ კოლეგასთან ფრანსუა ფილონთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ასრულებს 8 სექტემბრის შეთანხმებას საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. მისი თქმით, რუსული ძალები გავლენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან მას შემდეგ, რაც იქ ევროკავშირის დამკვირვებლები განთავსდებიან, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებს. რუსეთმა უკვე გააუქმა ხუთი საგუშაგო ფოთი-სენაკის ხაზზე, ხოლო ევროკავშირის დამკვირვებლების განთავსებიდან 10 დღის ვადაში დანარჩენი ძალები უნდა გაიყვანოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან. ევროკავშირის დამკვირვებლები არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა უნდა განთავსდნენ.

თუმცა, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ძალების ყოფნის საკითხი ”ცალკე თემაა”.

”ჩვენი შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიებზე ყოფნის საკითხი ორმხრივად გადაწყდება, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და რუსეთსა და ამ ორ სახელმწიფოს [გულისხმობდა სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს] შორის შეთანხმებების საფუძველზე,” – განაცხადა პუტინმა თავის ფრანგ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

12 აგვისტოს ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმება რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის აცხადებს, რომ ”რუსული შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ იმ პოზიციებს, რომლებიც საომარი მოქმედებების დაწყებამდე ეკავათ”. მოგვიანებით 8 სექტემბერს რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილ დამატებით შეთანხმებაში არ არის პირდაპირ ნათქვამი, რომ ძალები უნდა დაუბრუნდნენ ომამდე არსებულ პოზიციებს. თუმცა, ნათქვამია, რომ მხარეებმა უნდა დაადასტურონ თავიანთი მხარდაჭერა 12 აგვისტოს შეთანხმების პირობების მიმართ.

რუსეთი აცხადებს, რომ 12 აგვისტოს შემდეგ რეალობა შეიცვალა, რადგანაც მოსკოვმა აღიარა ორი თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობა. 20 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა პუტინმა განაცხადა, რომ კოსოვოს პრეცედენტმა გაანეიტრალა არგუმენტი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების წინააღმდეგ.  

”ჩვენ არ გაგვიხსნია ეს პანდორას ყუთი,” – განაცხადა მან.

”როიტერის” ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფილონმა განაცხადა იმავე პრესკონფერენციაზე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კმაყოფილია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები სრულდება. მისი თქმით, ეს არის ნიშანი იმისა, რომ განახლდეს ევროკავშირი-რუსეთის მოლაპარაკებები, რაც ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ შეაჩერა.  

”ევროკავშირის პოზიცია ნათელია: ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები განახლდება, როგორც კი განხორციელდება მედვედევი-სარკოზის გეგმის დებულებები,” – იტყობინება ”როიტერი” ფილონის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მიზეზი იმისა, რომ არ განახლდეს მოლაპარაკებები მომდევნო თვის დასაწყისში, არ არსებობს”.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button