skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის სამიტზე თბილისის მოლოდინები

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 31 აგვისტოს საღამოს განაცხადა, რომ მან არ იცის რა იქნება ევროკავშირის ლიდერთა სამიტის შედეგი, მაგრამ ის მოელის ევროკავშირისგან იმის გაცხადებას, რომ ის არასოდეს აღიარებს აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

”მე ევროკავშირის სამიტიდან მოველი იმას, რომ ევროპა არ დაიხევს უკან, ამ ბინძური უცერემონიო და თავზეხელაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაკანონების წინაშე,”- განაცხადა მან მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში, ”მე მოველი იმას, რომ ევროპა დაუჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და იტყვის, რომ არასოდეს არ აღიარებს ამ უკანონობის შედეგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქართველები ამას ვერასოდეს შეეგუებიან”.

მან ასევე განაცხადა, რომ ელის ”თავისუფლების მხარდასაჭერი დიდი მოძრაობის” დაწყებას. ”დაიძრა პროცესი საქართველოს ნამდვილი ევროპული ინტეგრაციისაკენ. დაიძრა პროცესი რეგიონში აგრესიული ძალების საბოლოოდ განეიტრალების, მხილების,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ იქნება ”მარტივი პროცესი”.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძესთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელ ეკა ტყეშელაშვილთან ერთად, უფრო დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის სამიტისგან საქართველოს მოლოდინზე.

მან 31 აგვისტოს რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული მხარე ელის, რომ სამიტზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებები იქნება განხილული.

”პირველ რიგში, ეს არის დევნილების ჰუმანიტარული დახმარებას,”- განაცხადა იაკობაშვილმა, ”მეორე ესაა დახმარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის დასტაბილურებას და უცხოელი ინვესტორების ნდობის შენარჩუნებას საქართველოში – ამერიკელები აპირებენ 1 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას და კარგი იქნება, თუ ევროპელებიც გამოყოფენ 1 მლრდ ევროს”.

”პოლიტიკურ თვალსაზრისით, ჩვენ ველოდებით ინტერგაციის პროცესის დაწყებას, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის, გამარტივებული სავიზო რეჟიმის და ასევე ევროკავშირთან ინსტიტუციონალური ინტეგრაციის დაწყების კუთხით – რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა წევრობაზე საუბარი, მაგრამ ნაბიჯები ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, ევროპელმა დამკვირვებლებმა ადგილზე მნიშვნელოვანი როლის უნდა შეასრულონ ”საქართველოს დე-ოკუპაციის საქმეში”.

ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ მისი აზრით ამ ეტაპზე ევროკავშირი არ გადადგამს მკვეთრ ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ.

”ჩვენ ალბათ მოწმენი გავხდებით რუსეთის მიმართ მკაცრ ტონის და ვფიქრობ, რომ ევროკავშირი აირჩევს რუსეთის ეტაპობრივად იზოლირების გზას,”- განაცხადა მან და ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი ალბათ გააფრთხილებს რუსეთს და სანქციებს მხოლოდ იმის შემდეგ დააწესებს, თუ რუსეთი ყურად არ იღებს ამ გაფრთხილებებს.
 

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button