ახალი ამბები

ეუთო დაუყონებლივ განათავსებს 20 დამკვირვებელს ”სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე”

ეუთოს მუდმივმოქმედმა საბჭომ 19 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება დაუყონებლივ  გაგზავნოს 20 დამკვირვებელი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ”ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და ჰუმანიტარული დახმარების მხარდაჭერის” გასაკონტროლებლად.

თუმცა, გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ 20 დამკვირვებელი ”სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე” განთავსდება და არა თავად თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში.

გადაწყვეტილება ასევე ითვალისწინებს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდას 100-მდე, თუმცა სამომავლოდ.

ეუთოს პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ დამკვირვებელთა შემდგომი ზრდის ”სპეციფიკა” მომავალში განიხილება.

ეუთოს ფინეთის თავმჯდომარეობამ დამკვირვებელთა რაოდენობის 100-მდე გაზრდა მოითხოვა. თუმცა, რუსეთი ადგილზე მათი დაუყონებლივი განთავსების წინააღმდეგია.

ამჟამად, ეუთოს მისიას მხოლოდ რვა უიარაღო სამხედრო დამკვირვებელი ჰყავს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას აკონტროლებენ. ისინი კონფლიქტის ზონიდან 7 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გამოვიდნენ.

ეუთოს 56 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის, თანხმობაა საჭირო დამკვირვებელთა გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button