
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს დაძაბულობა განიხილა
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ”ძალიან ძლიერი მხარდაჭერა” გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ”კატეგორიულად დაგმეს” რუსეთის მიერ განხორციელებული ”სამხედრო აგრესიის” აქტი, განაცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ.
მან ეს განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის შემდეგ გააკეთა. სხდომა საქართველოს თხოვნის საფუძველზე გაიმართა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა, რომ მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა 8 ივლისს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის თავზე საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
რუსეთმა თავისი გადაწყვეტილება რეგიონში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნის თაობაზე ახსნა იმით, რომ სურდა შეეჩერებინა საქართველოს სავარაუდო სამხედრო შეჭრა თვითგამოცხადებულ რეგიონში. რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სწორედ ეს პოზიცია შეინარჩუნა.
სხდომის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეტალურად წარმოადგინა ფაქტები, რამაც ინციდენტი განაპრობა და წარმოშვა ვარაუდები ”სამხედრო ავანტიურის” შესაძლებლობის და თბილისი მიერ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარების თაობაზე.
”საბედნიეროდ, რუსული მხარის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ძალიან ბრძნულმა ქმედებებმა მიგვიყვანა სიტუაციამდე, როცა ის არ მოხდა, რისიც ჩვენ გვეშინოდა,” – განაცხადა მან.
აშშ-ს ელჩმა გაეროში ზალმეი ხალილზადმა განაცხადა სხდომის შემდეგ, რომ შეერთებული შტატები ”შეშფოთებულია” რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და მოუწოდა რუსეთს ”გადადგას ნაბიჯები, რათა იყოს სანდო პარტნიორი საქართველოს მეგობართა ჯგუფის პროცესში და კონსტრუქციული როლი შეასრულოს”.
საფრანგეთის ელჩმა გაეროში ჟან-მორის რიპერტმა განუცხადა ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ: ”ნებისმიერი მოგვარება უნდა ეყრდნობოდეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მთლიანობას… საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა კარგის მომტანი არაა”.
გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა განიხილა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების უფრო ფართო კონტექსტში.
რუსეთის ელჩმა გაეროში სხდომის შემდეგ დაიჩივლა, რომ უშიშროების საბჭოს ზოგიერთი წევრი კვლავ მიკერძოებულ, პროქართულ პოზიციაზე დადგა.
”სამწუხაროდ, ზოგიერთმა მათგანმა ვერ შეძლო თავი დაეღწია ობიექტურობის ნაკლებობისა და კარგად ნაცნობი პროქართული გადახრებისთვის,” – განაცხადა ჩურკინმა.
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ ”უშიშროების საბჭოს ერთმა წევრმა, შეიძლება მეტმაც, მაგრამ კონკრეტულად ერთმა წევრმა ნათლად გამოხატა მხარდაჭერა არსებული მოლაპარაკების ფორმატების მიმართ”.
ჩურკინმა თავი შეიკავა ამ სახელმწიფოს დასახელებისგან, თუმცა განაცხადა, რომ ეს იყო გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრი. ამ ჯგუფში შედიან საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ. აშშ-მ და ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ განსხვავებული პოზიციები გაახმოვანეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოლაპარაკებების ფორმატის მიმართ.
რუსეთის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის მცდელობა შეცვალოს არსებული ფორმატები ”არარეალისტურია”.
”ქართული მხარის მიერ ორივე კონფლიქტის ზონებში განხორციელებული ბევრი არაკონსტრუქციული ქმედება უკავშირდება თბილისის სურვილს შეცვალოს არსებული მოლაპარაკების და სამშვიდობო ფორმატები,” – განაცხადა მან, ”ეს აბსოლუტურად არარეალისტურია. ეს დროის გაფლანგვაა და ემსახურება საქართველოს ყურადღების – და ყველას ყურადღების – გადატანას რეალური პოლიტიკური მცდელობების გამოყენების საჭიროებისგან”.
ჩურკინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმებაზე ფოკუსირებასთან დაკავშირებით, ნაცვლად იმისა, რომ პირველ ეტაპზე დევნილთა აფხაზეთში დაბრუნებაზე გამახვილდეს ყურადღება.
”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის [დევნილთა დაბრუნების] პრინციპის მნიშვნელობა, ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ და გვესმოდეს, რა უნდა გაკეთდეს პირველ ეტაპზე [და] რა უნდა გაკეთდეს ან რისი გაკეთება უნდა ვცადოთ მეორე ეტაპზე. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდწილად ქართული მხარის არაკონსტრუქციული ქმედებების გამო, სიტუაცია კონფლიქტურ რეგიონებში გაუარესდა და ნდობა საგრძნობლად შესუსტდა,” – განაცხადა მან.
”არის ეს პრაქტიკულად შესაძლებელი, არის ეს რეალისტური, არის ეს ხელსაყრელი ყველაფრის მოგვარება ერთი ხელის მოსმით ვცადოთ?” – განაგრძო მან, ”ან იქნებ უფრო პრაგმატული და რეალისტურია – და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასეა – რომ ის გაკეთდეს, რაც პირველხარისხოვანია. და პირველი, რათა შევეცადოთ აღვადგინოთ ნდობა, არის ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა და კოდორის ხეობიდან ძალების გაყვანა”.
თუმცა, საქართველოს ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ მართალია თბილისი არ არის ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების წინააღმდეგი, იგი ამგვარ შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს შესაძლებლად, თუ ”აფხაზური მხარე აღიარებს ქართველ დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში აფხაზეთში”.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეშფოთების საგანს წარმოადგენს ისიც, თუ ვინ უზრუნველყოფს დევნილთა უსაფრთხოებას.
”რუს სამშვიდობოებს აშკარად აკლიათ ამის სანდოობა,” – დასძინა ალასანიამ.
რუსეთმა ცოტა ხნის წინ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს ხელის მოაწეროს ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმებას და გამოიყვანოს ძალები ზემო კოდორის ხეობიდან. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთმა ვერ შეძლო ამ პროექტის გატანა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგობის გამო და ამის სანაცვლოდ ახლა ის ცდილობს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის განცხადება მაინც მიიღოს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩურკინმა ეს წარუმატებლობა არაფრად ჩააგდო და განაცხადა: ”ფორმატი არ არის მთავარი რამ”.
”მთავარია სწორი გზავნილის გაგზავნა ქართული მხარისთვის და ასევე მხარეებისთვის, რომ ქართულმა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციებისგან და პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა გადადგას არის ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა [თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში], ხოლო აფხაზეთთან მიმართებაში, ზემო კოდორის ხეობიდან ძალების გამოყვანა,” – დასძინა მან.
საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავის გამოსვლაში მან გამოხატა საქართველოს შეშფოთება ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით.
თუმცა ჩურკინმა ამის საპასუხოდ განაცხადა: ”თუ მისაღებია, რომ აშშ-ს ძალები წვრთნებს ატარებენ საქართველოში ან შავ ზღვაზე, რატომაა საეჭვო, როცა რუსული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე გადიან სწავლებას? ”
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 22 ივლისს განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომაზე საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული სიტუაციის და რუსეთის სამხედრო აგრესიის განხილვა ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი წარმატებაა.
”ყველა ასეთი განხილვა, რომელიც ამტკიცებს რუსეთის მიუკერძოებლობას, გვაახლოვებს ჩვენ ფორმატების დაშლას,”- განაცხადა მან, ”ამდენად, ეს დიპლომატიური ნებიჯები აუცილებელია იმისათვის, რომ ეს ფორმატები ჩვენ დავშალოთ”.