საგარეო უწყება: მოსკოვი აფხაზეთში ”ეთნიკური წმენდის” დაკანონებას ცდილობს
ქართველ დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების პროცესის გაჭიანურებით, რუსეთი ცდილობს ”დააკანონოს ეთნიკური წმენდის შედეგები”, რასაც რეგიონში 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჰქონდა ადგილი, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს.
ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ გაკეთდა. ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვი ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების დევნილთა დაბრუნების დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირების წინააღმდეგია.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ”რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ორი ორგანულად დაკავშირებული საკითხის გაცალკევების შესახებ გაცხადებული ინიციატივა კიდევ ერთხელ ააშკარავებს მოსკოვის ნამდვილ ზრახვებს” და ”ეს განცხადება წარმოადგენს აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს, ეუთოსა და დსთ-ს ფარგლებში მიღებული ყველა დოკუმენტის გადახედვის მცდელობას”.
ოფიციალური თბილისი ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინააღმდეგია, თუ არ იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა თავდაპირველად გალის და ოჩამჩირის რაიონებში დაბრუნების მყარი გარანტიები და დეტალურად გაწერილი სქემა.
თბილისი ასევე იმ მოტივით ამბობს უარს შეთანხმების ხელმოწერაზე, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსი სამშვიდობოები ვერ უზრუნველყოფენ შეთანხმების გარანტის როლს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)