ახალი ამბები

აშშ აფხაზეთში საერთაშორისო საპოლიციო ძალის შექმნისკენ მოუწოდებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა 7 ივლისს, რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საერთაშორისო საპოლიციო ძალის შექმნის ”უკიდურესი აუცილებლობა” არსებობს.

თავის განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო რეგიონში ბოლო დროს მომხდარი აფეთქებები, მათ შორის გალის ინციდენტი, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.

”ჩვენ ავღნიშნავთ საერთაშორისო საპოლიციო ძალის არსებობის უკიდურეს აუცილებლობას იმ ადგილებში, სადაც ეს აფეთქებები მოხდა,” – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მზად არის ერთობლივი ქართულ-აფხაზური საპოლიციო ძალის შესაქმნელად გალსა და ოჩამჩირეში, საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ.

თუმცა, სოხუმი და მოსკოვი რუსულ სამშვიდობო ოპერაციაში რაიმე ცვლილებების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე მოუწოდა რუსეთს უარი თქვას აფხაზეთში ბოლო დროს განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზე და თბილისთან გაიაროს კონსულტაციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რაიმე დაგეგმილ ქმედებებზე.

თბილისს სურს, რომ რუსეთმა გააუქმოს 16 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებს, ასევე გაიყვანოს დამატებითი ძალები აფხაზეთიდან.

”მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დაეყრდნონ გაეროს მეგობართა ჯგუფის მცდელობებს და განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, რათა შეიმუშავონ თავიანთი საკუთარი სამშვიდობო გეგმა სამხედრო დაძაბულობის შემცირების მიზნით, უზრუნველყონ დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, ხელი შეუწყონ ეკონომიკურ თანამშრომლობას და დაეხმარონ აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.   

განცხადება არ შეიცავს მოწოდებას თბილისისადმი ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი – სწორედ ამას ითხოვს რუსეთის საგარეო უწყება თითქმის ყველა განცხადებაში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი 9 ივლისს თბილისში ჩამოვა, რათა ხელი შეუწყოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მცდელობების ფარგლებში, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა.

მისი თქმით, რაისის ვიზიტი ასევე ისახავს მიზნად საქართველოს გამხნევებას, რომ კვლავაც განაგრძოს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კურსი, იტყობინება AFP.

 

მსგავსი/Related

Back to top button