ახალი ამბები

სეპარატისტები თბილისის ”აგრესორულ” გეგმებზე

ცხინვალი აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში პროცესების ესკალაცია მიუთითებს, რომ თბილისს სისრულეში მოჰყავს გეგმა რეგიონის ძალისმიერი გზით დაბრუნების თაობაზე.

სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის განცხადებით, თბილისის გეგმის მიხედვით, ნებისმიერი საბაბით უნდა მომხდარიყო ქართული ძალების ზრდა და სიმაღლეების დაკავება რეგიონში, რასაც მოწმობს ამ დღეებში ”ქართული ძალოვანი სტრუქტურების მკვეთრი გაძლიერება სოფლებში  – კოხათი, ერედვი, ფრისი, ავნევი, ერგნეთი, სვერი, კეხვი, ახალი პოსტი სოფელ სარაბუკთან”. ამავე ინფორმაციით, ასევე იგეგმებოდა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის ლიკვიდაცია – ”3 ივლისს ქართულმა სპეცსამსახურებმა სცადეს სანაკოევის ფიზიკური ლიკვიდაცია, მაგრამ არცთუ დიდი წარმატებით”.

ცხინვალის მტკიცებით, თბილისის შემდეგი ნაბიჯი იქნება დე ფაქტო ხელისუფლების მნიშვნელოვანი ფიგურების ლიკვიდაცია ”ტერაქტების” გზით, რის შემდეგაც მოსალოდნელია საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნების მცდელობა, რომ რეგიონში ”შიდაოსური” დაპირისპირება დაიწყო და ქართული მხარე იძულებულია სისხლისღვრის არ დაშვების მოტივით შეიყვანოს იქ თავისი ძალები.

”ყველაფერი ეს ხდება ახლა – ეს ზედმიწევნითი, ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებაა  სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის მოსამზადებელი ქართული გეგმის,”- ნათქვამია ინფორმაციაში, ”ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ძალისმიერი ოპერაციის ჩატარების დრო ახლოვდება”.

იმავდროულად, აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში აფრთხილებს, რომ  3 ივლისს მისი ბრძანებით აფხაზეთის უსაფრთხოების ზონასთან მობილიზებული ძალები საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრისკენ გადაინაცვლებენ, ”თუ არ შეწყდება ცხინვალის რეგიონში ქართული მხრიდან სროლები”.

აფხაზეთის ლიდერმა, რომელმაც დღეს სოხუმში ვიზიტად მყოფი ბუნდესტაგის დეპუტაცია მიიღო,  ასევე განაცხადა, რომ აფხაზურ სპეცსამსახურებს ხელში ჩაუვარდათ თბილისის მიერ აფხაზეთის დაპყრობის გეგმა, რომელიც აპრილ-მაისში უნდა ამოქმედებულიყო.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ იგეგმებოდა ერთდროული, სახმელეთო შეტევა გალის რაიონიდან და ზემო კოდორის ხეობიდან და საზღვაო დესანტის გადასხმა სოხუმის, გაგრის და ოჩამჩირეს სანაპიროებზე.

”თუ ჩვენ წარსულში შევძელით საქართველოს სატანკო არმადის შეჩერება მონადირის თოფებით, დღეს აფხაზეთის პროფესიონალური შეიარაღებული ძალების ზრდის პირობებში ჩვენი არაკეთილმოსურნეები ადეკვატურ პასუხს მიიღებენ,”- აცხადებს ბაღაფში, ”ჩვენ მიწას არავის არ დავუთმობთ”.

მისი თქმით, ბოლო დროს რეგიონში მომხდარი აფეთქებები რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად, ”რათა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების საინფორმაციო შემზადება საქართველოს შესაძლო აგრესიისთვის აფხაზეთის წინააღმდეგ”.

ბაღაფშის დღევანდელ განცხადებებს უკვე გამოხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მას ”შემაშფოთებელი” უწოდა. 

”განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დოკუმენტური მასალები, რომლებიც ქართული მხარის ზრახვებს ავლენს ”სადამკვირვებლო პოსტების, უსაფრთხოების ზონაში სამშვიდობო ძალების საკონტროლო-გამშვები პუნქტების და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში დსთ-ს კოლექტიური ძალების ბლოკირების თაობაზე,”- აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება. 

”მსგავსი გეგმები, რომელიც თბილისში იქმნება, არ შეიძლება შეფასდეს სხვაგვარად თუ არა მორიგი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისაკენ, რაც განწირულია კონფლიქტის ახალ ომში გადაზრდაზე,”- აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსი სამშვიდობოები ყველაფერს გააკეთებენ ”სისხლისღვრის” თავიდან ასაცილებლად. 

 

 

Back to top button