ახალი ამბები

დეპუტატი რურუა თავდაცვის სფეროს დაფინანსების პრიორიტეტებზე საუბრობს

სამხედრო წვრთნა, 2005 წლის ზაფხული. 
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო.

თვითგამოცხადებულ რეგიონებში დაძაბულობის შემდგომი ზრდის რისკი იზრდება და მისი შემცირების ნიშნები არ ჩანს, განაცხადა დეპუტატმა ნიკა რურუამ თავდაცვის სფეროს დამატებითი დაფინანსების პრიორიტეტებზე საუბრისას.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ ეს განცხადება პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. სხდომაზე დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს.

მთავრობა თავდაცვის დაფინანსების 295 მილიონი ლარით გაზრდის ინიციატივით გამოდის. შედეგად, მთლიანი თავდაცვის ბიუჯეტი 1.395 მილიარდამდე გაიზრდება.

რურუამ განუცხადა დეპუტატებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის თაობაზე გამართლებულია იმ საფრთხეებით, რომელსაც ქვეყანას თვითგამოცხადებული რეგიონები და იქ განლაგებული რუსი სამშვიდობოები უქმნიან.

”რისკების და საფრთხეების ინტენსივობა და ალბათობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც უკავშირდება სეპარატისტულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს,” – განაცხადა რურუამ, ”სეპარატისტულ რეგიონებში სიტუაციის ესკალაციის ალბათობა კვლავ იზრდება და ეს ალბათობა დაკლების არანაირ ნიშან-წყალს არ აჩვენებს”.

”რუსეთის მიერ ინიცირებული საფრთხეების დონე უპრეცედენტოდ გაიზარდა,” – განაგრძო მან, ”რუსეთის ფედერაცია ე.წ. მცოცავი ანექსიიდან გადავიდა ღია და აქტიურ ანექსიაზე. ეს უკანასკნელი ზრდის საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო კომპონენტის როლს; მხედველობაში მაქვს აფხაზეთში სარკინიგზო ძალების შეყვანა, სამხედრო ინსტრუქტორების რაოდენობის ზრდა, არასამშვიდობო დანიშნულების ძალების განლაგება და ა.შ”.

მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ”ქართული დიპლომატიის წარმატებისა,” რუსული სამშვიდობო ძალების ჩანაცვლება საერთაშორისო ოპერაციით ვერ მოხერხდა. 

”შედეგად, რუსი სამშვიდობოები რეგიონში კვლავ რჩებიან დესტაბილიზაციის წყაროდ,” – განაცხადა რურუამ.

მან განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა მიზნად ისახავს საქართველოს საჰაერო თავდაცვის და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებას. მან იქვე დასძინა, რომ იგეგმება საჰაერო თავდაცვის სისტემების და თვითმფრინავების შეძენა. თუმცა, დეტალებზე მან არ ისაუბრა.

”ამის საჭიროება გამოიკვეთა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო-საჰაერო საშუალებების აქტიურ გამოყენებაში. სამწუხაროდ ამის მაგალითები ბევრია: სამი უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება [აფხაზეთის თავზე]; ზემო აფხაზეთის დაბომბვა; წითელუბნის ინციდენტი,” – განაცხადა რურუამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ქართული შეიარაღების მოდერნიზება და ამ პროცესს სამხედრო პერსონალის გადამზადება სჭირდება.

დამატებით 25.750 მლნ ლარი მოხმარდება შეიარაღებულ ძალებში კვალიფიციური კადრების მოზიდვას და გადამზადებას ისეთ პროფესიებში, როგორიცაა მფრინავები, ბორტინსტრუქტორები, შტურმანები, არტილერისტები და ა.შ.

295 მლნ-დან ყველაზე მეტი – 237.039 მლნ ლარი – დაიხარჯება საბრძოლო მასალების შეძენაზე, რეზერვისტების მომზადება-გადამზადებაზე, წვრთნების ჩატარებაზე, არსებული ტექნიკის მოდერნიზებასა და ერაყში სამშვიდობო ოპერაციაში ქართველი სამხედროების გაგზავნაზე. ამ უკანასკნელს 24.5 მილიონი დასჭირდება.

რურუამ ასევე განაცხადა, რომ საქართველო აპირებს 200-მდე ჯარისკაცის გაგზავნას ავღანეთში.

მისი თქმით, საბრძოლო მასალების შეძენა საჭირო გახდა არსებული მარაგის შესავსებად, რადგანაც ქართული არმია ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს გადის.

თავდაპირველად, რურუას თქმით, სამხედრო წვრთნები თვეში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო. ”მაგრამ არსებული საფრთხეების გამო, სამხედრო წვრთნები სულ ცოტა თვეში სამჯერ ტარდება; შესაბამისად, იხარჯება ამუნიცია და ამის შევსებაა საჭირო,” – დასძინა მან.

ასევე დაგეგმილია ნატოსთან თავსებადი კავშირგაბმულობის სისტემის შეძენა, განაცხადა რურუამ.

2.5 მლნ ლარი გამოიყოფა სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფისთვის.

დაგეგმილი საბიუჯეტო ცვლილების შედეგად, დამატებით 40 მლნ ლარს მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი მთლიანი დაფინანსება 640 მლნ ლარს მიაღწევს. გასულ წელს, სამინისტროს დაფინანსება 467.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

Back to top button