ახალი ამბები

რუსეთი სოხუმში აფეთქებისას მისი მოქალაქის დაშავებას უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი მოქალაქეები არ იყვნენ იმ 6 ადამიანს შორის, რომელთაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს 30 ივნისს სოხუმის ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად.

”ინტერფაქსი” აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ერთი რუსი დამსვენებელი იყო მსუბუქად დაჭრილი.

”შემოსული ინფორმაციის თანახმად, დაშავებულთა შორის აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული რუსები არ არიან,”- განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ, ”[აფხაზეთის] რესპუბლიკის ხელისუფლება იღებენ ზომებს, ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ”სერიოზულად შეშფოთებულია” სოხუმსა და გაგრაში დღეს და გუშინ მომხდარი აფეთქებების გამო.

 

Back to top button