ახალი ამბები

თბილისი და მოსკოვი უარყოფენ აფხაზეთის გაყოფის გეგმას

რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს საგაზეთო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიდის მოლაპარაკებები აფხაზეთის გავლენის სფეროებად დაყოფის თაობაზე. აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ სავარაუდო გეგმა ”აბსოლუტურად მიუღებელი” და ”აბსურდულია”.

რუსული გაზეთი “კომერსანტი” იტყობინება 27 ივნისს, რომ თბილისმა მოსკოვს აფხაზეთის გავლენის სფეროებად დაყოფა შესთავაზა. საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცნობ წყაროებზე დაყრდნობით, გაზეთი წერს, რომ გეგმა ითვალისწინებს აფხაზეთის ფაქტიურ დაყოფას, რომლის თანახმადაც გალის და ოჩამჩირის რაიონები თბილისის კონტროლს დაექვემდებარება, ხოლო ოჩამჩირიდან ჩრდილოეთ ნაწილი რუსეთის დე ფაქტო კონტროლს.

”თბილისის გეგმა ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაუყონებლივ დაბრუნებას გალის და ოჩამჩირის რაიონებში… და რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლებას ამ რაიონებში შერეული ქართულ-აფხაზური საპოლიციო ძალებით,” – წერს ”კომერსანტი”.

გაზეთის ცნობით, ფორმალურად საქართველოს სუვერენიტეტი აღდგება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ ფაქტიურად აფხაზეთის დიდი ნაწილი, ოჩამჩირის ჩრდილოეთით რუსეთის კონტროლს დაექვემდებარება.

”ამრიგად, გარიგების ყველა მონაწილე თავიანთ მიზნებს მიაღწევს და სახეს შეინარჩუნებს,” – წერს ”კომერსანტი”, ”პრეზიდენტ სააკაშვილს შეეძლება საზეიმოდ გამოაცხადოს აფხაზეთის დაბრუნების შესახებ; აფხაზური მხარე, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგავს კონტროლს რეგიონის უმნიშვნელო ნაწილზე, გარანტირებულად მიიღებს ფაქტიურ დამოუკიდებლობას თბილისისგან. ხოლო მოსკოვის ჯილდო დახმარების სანაცვლოდ იქნება თბილისის უარი ნატოში მისწრაფებაზე”.

გაზეთის ცნობით, რუსეთი სერიოზულად მიუდგა ამ წინადადებას და ეს საკითხი აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან განიხილა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების გარდა, 26 ივნისს მოსკოვში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდა. თუმცა, ”კომერსანტი” ასევე წერს, რომ ამ გეგმამ აფხაზურ მხარეზე დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა. 

პირველი ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ თვის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც ბრიუსელში განთავსებულმა ორგანიზაციამ კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გაყოფის გეგმას განიხილავენ.

”ზოგიერთების ვარაუდით, გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთთან შეთანხმებით იქნება შესაძლებელი, რომელმაც შესაძლოა უარი თქვას თავის გავლენაზე აფხაზეთის იმ ნაწილზე, სადაც მისი ინვესტიციები უფრო დაბალია, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარების სანაცვლოდ,” – ნათქვამია მოხსენებაში.

თუმცა, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს რაიმე მოლაპარაკებების მიმდინარეობა ამ საკითხზე.

”ეს სიცრუეა,” – განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხანტი-მანსიისკში ჟურნალისტებს 27 ივნისს, სადაც ევროკავშირი-რუსეთის სამიტი იმართება, ”ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს”.

”ეს არის უსაფუძვლო განცხადება,” – განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს 27 ივნისს, ”მიმდინარეობს მოლაპარაკებები პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივებზე, რომელთა განხორციელებაც არის უსწრაფესი გზა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისა”.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ ”აბსურდული” უწოდა ”კომერსანტის” ვერსიას, ”რომელიც 100%-ით სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია არის”.

”გაყოფა, ჩვენი ტერიტორიის მიცემა სხვა ქვეყნისთვის გავლენის სფეროდ, ეს არის აბსურდი, რომელზეც არცერთ შემთხვევაში არცერთი სახელმწიფო არ წავა,”- განუცხადა დღეს ქუთელიამ Civil.ge-ს, ”არცერთი საკითხი, რომელიც შეეხება რაიმე ფორმით საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ან რაიმე ფორმით მის ნებაყოფლობით დათმობას, არ განიხილება და არც იქნება განხილული მომავალში”.
 
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა კატეგორიულად უარყო მედიის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან რუსეთის ხელმძღვანელობასთან, და მათ შორის პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრაზე განიხილა წინადადება აფხაზეთის რუსულ და ქართულ გავლენის სფეროებად დაყოფის თაობაზე.

”მე გაზეთიდან შევიტყვე აფხაზეთის გავლენის სფეროებად დაყოფის თაობაზე გეგმის არსებობის შესახებ,” – იტყობინება ”ინტერფაქსი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით 27 ივნისს, ”განცხადებები, რომ ეს გეგმა დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე იქნა განხილული, უსაფუძვლოა. ჩვენ ამის მსგავსზეც კი არაფერზე გვისაუბრია.”

აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ განაცხადა, რომ ამგვარი გეგმა, არსებობის შემთხვევაში, იქნებოდა ხაფანგი აფხაზეთისთვის და საფრთხე თავად რუსეთისთვის.

Back to top button