ახალი ამბები

ქრისტიან-დემოკრატები და მმართველი პარტია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

მმართველმა პარტიამ და ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ ისინი მემორანდუმში ასახულ ზოგიერთ პუნქტზე, როგორც მოსალოდნელი იყო, შეთანხმდნენ.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იგი ”აქტიურ მუშაობას” შეუდგება პარლამენტში მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია მიღწეული შეთანხმების განხორციელებას დაიწყებს.

ეს განცხადება 12 ივნისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ გაკეთდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარტიის ”ჩვენ თვითონ” ლიდერი პაატა დავითაია.

თარგამაძემ შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ განხორციელების შემთხვევაში, შეთანხმება მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ოპოზიციის საქმიანობას.

შეხვედრის შემდეგ მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომლებზეც შეთანხმება მოხდა.

ამ დოკუმენტის თანახმად, მმართველი პარტია თანახმაა ნება დართოს ერთ დეპუტატს, რომელიც არ არის საპარლამენტო უმრავლესობის [რომელიც მმართველი პარტიის 119 დეპუტატისგან შედგება] წევრი, დაინიშნოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მმართველი პარტია ასევე დათანხმდა ოპოზიციური წარმომადგენლის დანიშვნაზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში.

მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ მმართველი პარტია, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია, არ შეიტანს ცვლილებებს კონსტიტუციაში ოპოზიციასთან აქტიური კონსულტაციების გარეშე. ქრისტიან-დემოკრატების მემორანდუმში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები მხოლოდ ოპოზიციასთან შეთანხმებით განხორციელდება. საბოლოო შეთანხმების თანახმად, ოპოზიცია მეტ ადგილებს მიიღებს კომისიაში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის მიზნით იქმნება. 

საბოლოო შეთანხმებით, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ”შეისწავლის და გააანალიზებს” ყველა იმ საარჩევნო დარღვევას, რომელთაც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი. თუმცა, ქრისტიან-დემოკრატების მემორანდუმში გამოყენებულია ტერმინი ”გამოიძიოს” საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. 

მმართველი პარტია ასევე დათანხმდა ჩამოაყალიბოს სპეციალური ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, რომელიც შეიმუშავებს სამართალდამცავი სტრუქტურების ”რეფორმირების კონცეფციას”.

მმართველმა პარტიამ უარი თქვა ოპოზიციასთან შეთანხმებით დაინიშნოს გენერალური პროკურორი და კონტროლის პალატის თავმჯდომარე; თუმცა, დათანხმდა ოპოზიციის მონაწილეობით იქნას შემუშავებული ახალი კანონი კონტროლის პალატის შესახებ, რაც ამ ორგანოს გამჭირვალობას გაზრდის.

მმართველმა პარტიამ ასევე არ დააკმაყოფილა ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნა მერების და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესთან დაკავშირებით.

მმართველი პარტია ასევე დათანხმდა სამართლებრივი გარანტიების შემუშავებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოებრივი მაუწყებლის ”დაბალანსებული” ხელმისაწვდომობა ”კვალიფიცირებული” პოლიტიკური პარტიებისთვის ანუ მათთვის, ვინც ხმების სულ ცოტა 4% მიიღო ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს და სულ ცოტა 3% უკანასკნელი ადგილობრივი არჩევნების დროს.

მმართველმა პარტიამ ასევე გამოხატა მზადყოფნა ვიცე-სპიკერების და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების პოსტები შესთავაზოს ოპოზიციურ დეპუტატებს. ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე დაადასტურა, რომ ფრაქციის შესაქმნელად საჭირო დეპუტატების რაოდენობა შვიდიდან ექვსამდე შემცირდება. ეს საშუალებას მისცემს ქრისტიან-დემოკრატებს, რომელთაც ექვსი დეპუტატი ჰყავს ახალ პარლამენტში, ფრაქცია შექმნას. იგივე ეხება ლეიბორისტულ პარტიასაც. თუმცა, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ იგი პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებს.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიესალმა შეთანხმებას, როგორც პოზიტიური ტონის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პროცესში.  ”ეს არის ახალი სტანდარტი დიალოგის და ურთიერთობისა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის,” – განაცხადა ბაქრაძემ.

რვა პარტიის ოპოზიციურმა კოალიციამ და ლეიბორისტულმა პარტიამ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ოპოზიციური კოალიციიდან განაცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატების მემორანდუმი და ის მოლაპარაკებები, რომელიც დოკუმენტის პრეზენტაციას მოყვა, იყო წინასწარ დაგეგმილი და იმ გარიგების შედეგი, რომელიც თარგამაძის პარტიას და ხელისუფლებას შორის არსებობს.

Back to top button