
მმართველმა პარტიამ თარგამაძესთან და დავითაიასთან კონსულტაციები დაიწყო
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის კაბინეტში მმართველი პარტიის დეპუტატები გიორგი თარგამაძესთან და პაატა დავითაიასთან ქრისტიან-დემოკრატების მემორანდუმის მოთხოვნებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ.
გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატები სამი პოლიტიკური სუბიექტიდან ერთ-ერთია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციისა და ლეიბორისტული პარტიისაგან განსხვავებით, უარს არ ამბობს საპარლამენტო მანდატებზე, თუმცა ოპოზიციისთვის დაცვის დამატებითი მექანიზმების, მათ შორის საპარლამენტო თანამდებობების დაკანონებას მოითხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებს პარლამენტის სხდომაზე შესვლას.
მისი მემორანდუმის მოთხოვნებს იზიარებს ასევე პაატა დავითაია, პარტიის ”ჩვენ თვითონ” ლიდერი, რომელმაც არჩევნების შემდეგ დატოვა გაერთიანებული ოპოზიცია და განაცხადა, რომ პარლამენტში არ შევიდოდა. დღეს დავითაია დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებას არ გამორიცხავს ისევე, როგორც გია თორთლაძე და გია ცაგარეიშვილი, რომელთაც ასევე დატოვეს რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული ოპოზიციის რიგები.
კონსულტაციების დაწყებამდე თარგამაძემ განაცხადა, რომ ის უკომპრომისო პოზიციის დაკავებას არ აპირებს მმართველ პარტიასთან დიალოგში.
”მოლაპარაკება, შეთანხმება – ეს სიტყვები თავის თავში გულისხმობს გარკვეულ კომპრომისებს,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”ჩვენ არ ვაყენებთ მოთხოვნებს ულტიმატუმისათვის და იმისთვის, რომ შემდეგ გავამართლოთ ჩვენი რომელიმე რადიკალური ქმედება”.
მან ასევე განაცხადა, რომ სხვა ოპოზიციონერებისაგან განსხვავებით, ის ყველა რესურსის გამოყენებით ეცდება ”სერიოზული შედეგის” მიღწევას.
”ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი ჯერ კიდევ არჩევნების პერიოდში, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიმართ. არის ნაწილი ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერებისა, რომლებიც უფრო რადიკალური დაპირისპირების გზას ადგანან. მე ვთვლი, რომ სრული უფლება აქვთ მათ საამისოდ და პატივს ვცემ მათ პოზიციას,”- განაგრძო თარგამაძემ, ”არის ნაწილი ასევე პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც ფიქრობს, რომ საერთო კოორდინაციის შედეგად შესაძლებელი იქნება ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით გაცილებით უფრო სერიოზული შედეგის მიღწევა. მე ამ ნაწილს მივეკუთვნები და ვეცდები, რომ ჩვენი ამ გზის სისწორეში სხვებიც დავარწმუნო”.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ და ლეიბორისტებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგში არ შევლენ.