
ეუთოს თავმჯდომარე: სამხრეთ ოსეთის მოლაპარაკებების ფორმატი არ უწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარებას
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტაბმა 30 მაისს განაცხადა, რომ დროა მოიძებნოს შესაძლებლობები მოლაპარაკებების ახალი ფორმატისთვის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით.
”შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების არსებულმა მოლაპარაკებების ფორმატმა ვერ შეუწყო ხელი კონფლიქტის მოგვარებას. დროა მოიძებნოს შესაძლებლობები მოლაპარაკებების ახალი ფორმატისთვის, რომლებიც მისაღები იქნება კონფლიქტის მხარეებისთვის,” – განაცხადა სტაბმა თავის ქართველ კოლეგასთან ეკა ტყეშელაშვილთან ჰელსინკში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ აპრილში გაკეთებულ განცხადებასთან, როდესაც მან მხარდაჭერა გამოხატა მოლაპარაკებების არსებული მექანიზმების მიმართ და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ არ ხდება მათი სრულად გამოყენება. ”მოვუწოდებ ქართული-ოსური კონფლიქტის მხარეებს დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას მხარეების მიერ შეთანხმებული ფორმატის ფარგლებში,” – განაცხადა მან 17 აპრილს.