
ნათელაშვილი ყველა ოპოზიციურ ძალას ბოიკოტისკენ მოუწოდებს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 23 მაისს მოუწოდა გაერთიანებულ ოპოზიციას და ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას უარი თქვან სადეპუტატო მანდატებზე.
”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვინც პარლამენტში გავიდა, უარი ვთქვათ სადეპუტატო მანდატებზე ყველამ ერთად,”- განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე ნათელაშვილმა, ”დავტოვოთ მიხეილ სააკაშვილის ე.წ. პარტია მარტოდმარტო მთელი მსოფლიოს და მთელი ქვეყნის დასანახად, რაც ავტომატურად გამოიწვევს უახლოეს ხანში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას უკვე ხალხის კონტროლით”.
ბოიკოტის იდეა 22 მაისს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ გაერთიანებული ოპოზიციიდან პირველმა გაახმოვანა. თუმცა ამ აზრს სკეპტიკურად შეხვდა ქრისტიან-დემოკრატები ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომლის პარტიამაც საპარლამენტო არჩევნებში დაახლოებით 6 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა.
მისი თქმით, არჩევნებზე დარღვევები იყო, ”მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადავარდეთ მეორე უკიდურესობაში”.
”ჩვენ შეიძლება ვიყოთ უმცირესობა, მაგრამ ჩვენ მხარეს არის სიმართლე და მორალური უმრავლესობა,”- განუცხადა თარგამაძემ 23 მაისს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”ჩვენ ვთვლით, რომ ყველა რესურსი, ყველა მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული. თუ გავიხსენებთ ჩვენ ბოლო პარლამენტებს, არსად დიდი რაოდენობით ოპოზიცია თავიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ხომ, სიმართლეს რომ თვალებში ჩავხედოთ, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ მხარეს არის მორალური უმრავლესობა”.
ბოიკოტის სასარგებლოდ პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული თავად გაერთიანებული ოპოზიციაშიც, რომელიც ცხრა განსხვავებული იდეოლოგიის პარტიისაგან და უპარტიო სუბიექტებისაგან შედგება.
ბლოკი თავის გადაწყვეტილებას დღეს საღამოს გაახმოვანებს შიდა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად.
მანამდე კი პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოადგენს, აკეთებს განცხადება, რომელიც მიანიშნებს, რომ ის, როგორც ჩანს, ბოიკოტის იდეისკენ არ იხრება.
”ერთადერთი რის წინააღმდეგიც მე ვარ ძალადობაზე ძალადობით პასუხია,”- განაცხადა გამსახურდია, ”ეს არჩევნები იყო ერთიანი ძალადობრივი აქტი მთელს საქართველოს ტერიტორიაზე და ძალადობაზე ჩვენ არ უნდა ვუპასუხოთ ძალადობით”.
26 მაისს გაერთიანებული ოპოზიცია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხელისუფლების აღლუმის პარალელურად ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავს.