
სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს მონაცემების იდენტურია
ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ სამართლიანმა არჩევნებმა ხმათა პარალელური დათვლის შედეგები არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ გამოაქვეყნა და ის ძირითადად ემთხვევა ცესკოს მიერ თითქმის პარალელურ რეჟიმში გამოქვეყნებულ წინასწარ ოფიციალურ შედეგებს.
სამართლიანი არჩევნების შედეგებით, რომელიც შემთხვევით შერჩეულ 626 უბნის მონაცემების შემაჯამებელ ოქმებს ეყრდნობა, 0.8%-იანი ცდომილების დაშვებით საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება:
ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსათვის – 59.2%
გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები) – 17.7%
გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები – 8.6%
შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 7.4%
საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 3.7%
ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)– 0.9%
საარჩევნო ბლოკი მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე–მრეწველები – 0.9%
ბლოკი ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია – 0.5%
ქართული პოლიტიკა – 0,5%
საქართველოს სპორტსმენთა კავშირი – 0.2%
სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია – 0.2%
ჩვენი ქვეყანა – 0.2%.
სამართლიანი არჩევნების მონაცემებით 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 52% იყო. ცესკოს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 55%-ია.
სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ეკა სირაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს ”ზეწოლის” ფაქტები დააფიქსირა.
”ორგანიზაციისთვის რთულია განსაზღვრა რა ზეგავლენა იქონია ზეწოლის ფაქტებმა ხმების პარალელურ დათვლაზე,”- განაცხადა მან.
მისი თქმით, ორგანიზაციამ გამოავლინა ამომრჩეველთა 100%-იანი აქტივობა გადასატანი ყუთის მეშვეობით, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით გაიზარდა სპეციალური უბნების (სამხედრო ყაზარმებში/შენაერთებში, წინასწარი დაკავების საკნებში, საავადმყოფოებში და ა.შ.) და ამ უბნებში რეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობა, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ ”უფრო მაღალი შედეგები მიიღო”.
”ამასთან ორგანიზაციამ პირდაპირი დათვლის მეთოდით დათვალა ყველა იმ უბნის შედეგი, რომელზეც მიმაგრებული იყო სპეციალური უბანი,”- აღნიშნა მან.