
ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დაშალა
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას განაცხადეს, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები ”უპრეცედენტო ტერორის” ქვეშ ჩატარდა და ხმების შეჯამების მიმდინარე პროცესში ხმების დაცვის აუცილებლობის მოტივით მოუწოდეს აქციის მონაწილეებს დროებით დაშლილიყვნენ.
ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკის ლიდერთა განცხადებით, ”სააკაშვილის რეჟიმის გასასტუმრებლად” ბრძოლა ახლა იწყება და ამისთვის საჭიროა სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება და ხალხის აქტიური მხარდაჭერა.
დღეს ღამით აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. ოპოზიციის ლიდერთა თქმით, ისინი 2-3 დღეში გამოაცხადებენ მორიგი საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ ინფორმაციას.
”არჩევნების გაყალბება დაიწყო მაშინ, როცა შიმშილობის ფონზე ამ სისხლიანმა რეჟიმმა იგნორირება გაუკეთა ხალხის მოთხოვნებს და საკუთარ თავზე მოირგო კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა, ხელში ჩაიგდო მედია, მაგრამ გაყალბების კულმინაცია იყო დღეს,”- განუცხადა აქციის მონაწილეებს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”ისტორიაში უპრეცედენტო ტერორის ქვეშ, კრიმინალებთან უნისონში ჩაატარეს ეს არჩევნები. ამ პირობებში ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმს არ გავისტუმრებთ”.
ოპოზიციის განცხადებით, მათ გაყალბების მიუხედავად, გაიმარჯვეს არჩევნებში ხმათა დაახლოებით 33%-ით.
იმავდროულად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის ვებ-გვერდზე უკვე დაიწყო არჩევნების შედეგების გამოქვეყნება. ამ დროისთვის გამოქვეყნებული 52 უბნის პროპორციული შედეგების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობა ხმათა 63,25%-ით ლიდერობს; მეორე ადგილზეა ოპოზიციური ბლოკი 13,47%-ით; შემდეგ მოდის ლეიბორისტული პარტია 8,13%-ით; ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 7,6%-ით; რესპუბლიკური პარტია 3.13%-ით; საარჩევნო ბლოკი მემარჯვენე ალიანსი-თოფაძე-მრეწველები – 1,04%-ით. დანარჩენ პარტიებს 1%-ზე ნაკლები ხმები აქვთ მიღებული. სულ 3 556 უბნის შედეგია დასათვლელი.
ეგზით პოლების შედეგების თანახმად, რომელსაც ოპოზიციამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოუცხადა ბოიკოტი, არჩევნებში მნიშვნელოვანი გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა ხმათა 63%-ით, ხოლო ოპოზიციურმა ბლოკმა ხმების 14%-ზე მეტი მიიღო.