ახალი ამბები

ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს გამარჯვების იმედი აქვს

ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია ბევრად უფრო მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე მხოლოდ ბარიერის გადასალახად საჭირო 5%-ია.  

”ჩვენი მინიმალური მიზანი, როდესაც ჩამოვყალიბდით, იყო ბარიერის გადალახვა; მაგრამ ახლა ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბევრად უფრო მეტ მხარდაჭერას ვიღებთ, ვიდრე 5%-ია და ეს დასტურდება სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, რომელთაც საერთაშორისო ორგანიზაციები და ასევე სხვა ოპოზიციური პარტიები ატარებენ,” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ პოლიტიკურ თოქშოუ Primetime-ში 19 მაისს.

კითხვაზე შეუერთდება თუ არა მისი პარტია ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკის მიერ დაგეგმილ აქციას არჩევნების შემდეგ, თარგამაძემ უპასუხა: ”თუ იქნება მასობრივი გაყალბება, რაც არჩევნების საერთო შედეგებზე იმოქმედებს, ჩენ დავდგებით ქართველი ხალხის გვერდზე”.

თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ ”წინასწარ აჯანყებაზე საუბარი დაუშვებელია”. ოპოზიციური კოალიცია არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ”სახალხო აჯანყებით” იმუქრება.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია წინასწარ აჯანყებაზე საუბარი, რადგანაც ეს [რიტორიკა] ამცირებს საზოგადოებრივი ნდობის დონეს ზოგადად საარჩევნო პროცესისადმი,” – განაცხადა თარგამაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ ის გავრცელებული ხმები, რომ თითქოსდა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია ხელისუფლების მიერ, კერძოდ კი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ ფინანსდება, არის ”ცილისწამება”.

ტელეკომპანია ”იმედის” წამყვანმა და პოლიტიკური პროგრამების ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია თებერვალში ჩამოაყალიბა. ამით თარგამაძე აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდა. 2003 წლის მარტამდე თარგამაძე აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია ”აღორძინების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იყო. თუმცა შემდეგ მან დატოვა პარლამენტიც და პოლიტიკაც და დაუბრუნდა ჟურნალისტიკას.
 

Back to top button