
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის 12%-იან განაკვეთს ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 12%-იანი სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთი შეინარჩუნა და 14 მაისს განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კაპიტალის შემოდინების ტემპი შენელდა.
”წინასაარჩევნო პერიოდში კაპიტალის შემოდინების ტემპის გარკვეულწილად შენელება შეიმჩნევა, თუმცა მოსალოდნელია, რომ არჩევნების შემდეგ კვლავ აღდგეს მანამდე არსებული ტემპები, რაც, სავარაუდოდ, შენარჩუნდება მთელი წლის მანძილზე,” – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა მისი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
ბანკის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ, ინფლაციაზე მოქმედი რისკები იგივე დარჩა. კომიტეტი თვეში ერთხელ იკრიბება.
”იმ დაშვების გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში ადმინისტრირებადი ფასები არ შეიცვლება და საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ცვლილება შესაბამისობაში იქნება არსებულ პროგნოზებთან, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები უზრუნველყოფს წლის ბოლოსათვის ინფლაციის დონეს 8%-ის ფარგლებში,” – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ცნობით, მარტის ბოლოსთვის წლიური ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა. იანვარში წლიური ინფლაციის დონე 10.7%, ხოლო თებერვალში 10.9% იყო.
გასულ თვეში ბანკმა თავისი ძირითადი განაკვეთი 11%-დან 12%-მდე გაზარდა.