
ბაღაფში აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის გახსნას ემხრობა
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმის სურვილია რუსული სამხედრო ბაზა განთავსდეს აფხაზეთში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად.
”ჩვენ გვინდა, რომ რუსეთს სამხედრო ბაზა ჰქონდეს აქ… ეს ჩვენ დაგვიცავს,” – განუცხადა ბაღაფშმა ”როიტერს” 13 მარტს.
”მზად ვართ სამხედრო შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, თუ რუსეთს ამის გაკეთების სურვილი აქვს… ჩვენ გვჭირდება გარანტიები, უსაფრთხოების გარანტიები, რათა განვითარდეთ როგორც პატარა, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფო,” – განაცხადა მან.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გაზეთ ”იზვესტიასთან” 6 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სოხუმს სურს, რომ რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისი სამხედრო კონტროლი დაამყაროს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ოფიციალური წინადადება აფხაზეთთან ”ფართო სამხედრო თანამშრომობის” თაობაზე არ მიუღია.
”როიტერთან” ინტერვიუში სერგეი ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ სოხუმი არ არის დაინტერესებული ახალ ომში, თუმცა დასძინა, რომ მზად არის მოიგერიოს ქართული შეტევა.
”არ არის კარგი, როდესაც ევროპა, მთელი მსოფლიო აიარაღებს საქართველოს და ჩვენც იძულებული ვართ შევვიარაღდეთ,” – განაცხადა მან, ”საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა პოსტ-საბჭოთა რეგიონში… ყველაფერი ეს კეთდება ძალის გამოყენების მიზნით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხების მოსაგვარებლად… საქართველომ უნდა გაიგოს, რომ ის ვერ შეძლებს აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის საკითხების მოგვარებას ძალით. ეს არასდროს არ იმუშავებს. თუ, ღმერთმა არ ქნას, ომი დაიწყება, საქართველო უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე ვინმე სხვა,” – განაცხადა ბაღაფშმა.