სააკაშვილი ევროპას დახმარებისაკენ მოუწოდებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის ბოლო დროინდელი ქმედებები საქართველოს ”ანექსიისა და ოკუპაციის აქტის პრელუდიაა” და მოუწოდა ევროკავშირს არ დახუჭოს თვალი ამ პროცესზე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხუთ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის სურვილია, რომ ევროკავშირი უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებაში. ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, შვედეთის და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე 12 მაისს ერთდღიანი ვიზიტით თბილისს ესტუმრნენ.
”ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კონფლიქტი მოწესრიგდეს მშვიდობიანად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ფაქტობრივად, როგორც ეს არის აღიარებული იურიდიულად,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”მე მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ბოლო მოქმედებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა. ჩვენ ვთხოვთ ევროპის კავშირს გამოიძიოს ფორმალურად, თუმცა განცხადებები
უკვე გაკეთდა, ინციდენტი რუსული სამხედრო თვითმფრინავის საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრასთან დაკავშირებით და შეიარაღებული ქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით; უკანონო გადაადგილების საკითხები, რომელიც ეხება რუსეთის სამშვიდობო ძალებს, ამის გამოძიებასაც ვითხოვთ და ამის შესწავლას და ამაზე ოპერატიულ რეაგირებას; ისევე როგორც ჩვენ გვინდა ევროკავშირის ბევრად უფრო აქტიური ჩართვა კონფლიქტის მოწესრიგების პრობლემაში”.
მან ასევე განაცხადა, რომ ”სრულიად ნათელია”, რომ რუსული სამშვიდობოები არ არიან პროცესის ლეგიტიმური მონაწილეები.
”რუსეთი არის მხარე ამ პროცესის. რუსეთის ფედერაცია, სამწუხაროდ, მისი თანამდებობის პირები არღვევენ საერთაშორისო ქცევის საყოველთაო ქცევის ნორმებს,” – დასძინა მან.
შემდეგ სააკაშვილმა რუსეთში დაბეჭდილი ბროშურა უჩვენა სტუმრებს, რომლის მიზანიც იყო ქალაქ სოჭის გაცნობა ოლიმპიური თამაშების წინ. მისი თქმით, ბროშურის დიდი ნაწილი ეძღვნება აფხაზეთს, აფხაზეთის 230 კმ-იან ზოლს.
”ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა გეგმები აქვს [რუსეთს] დიდი ხნის წინ დაწყობილი,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს ბროშურა გამოცემულია კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე, ეს ბროშურა გამოცემულია ნატოს ბუქარესტის სამიტამდე, ეს ბროშურა გამოცემულია მანამ, სანამ ბოლო დროის დაძაბულობა წარმოიქმნებოდა”.
შემდეგ მან წარმოადგინა 1955 წელს ვაშინგტონში გამოცემული ამერიკის კონგრესის მოხსენება 1921 წელს საქართველოს დაპყრობის და საბჭოთა ოკუპაციის თაობაზე.
”თუ ვინმე ამ ბროშურას წაიკითხავს, სამწუხაროდ, დღესავით ეცნობა დღევანდელი სიტუაცია,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”მაშინაც ბოლშევიკური ჯარები შემოვიდნენ ვითომ ჩაგრული უმცირესობის დასახმარებლად, მაშინაც ის დამთავრდა საქართველოს ოკუპაციითა და ანექსიით. ახლა ის, რაც ხორციელდება, ეს არის, უდაოდ, ანექსიის აქტი – ანექსიის აქტის და ოკუპაციის აქტის პრელუდია”.
”მაშინ ევროპამ საქართველო მიატოვა. ხმაც არ ამოუღია იმაზე, რაც განხორციელდა აქ,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
”მინდა გადავცე ეს მოხსენება ჩვენ ევროპელ მეგობრებს იმისათვის, რომ იმედი გამოვთქვა, რომ აღარასდროს ევროპა აღარ გაიმეორებს იგივე შეცდომას. იმიტომ რომ საქართველოს ოკუპაციას მოყვა შეტევა პოლონეთზე, მოყვა ბალტიისპირეთის დაპყრობა; მოყვა სისხლიანი ომი ფინეთში და მოყვა გაძლიერება სტალინისტური რეჟიმის წარმოუდგენელ მასშტაბამდე. იმედია, რომ ისტორია მეორედ ასეთივე ტრაგედიით არ განმეორდება,” – განაცხადა მან.
მან კვლავ აღნიშნა, რომ თბილისს კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარება და რუსეთთან ”ახლო და მეგობრული თანამშრომლობის” დამყარება სურს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)