Placeholder canvas
ახალი ამბები

ბათუმში ებრაული სასაფლაო შეურაცხყვეს

ქართული მედიის ცნობით, ბათუმში ბოროტმოქმედებმა ებრაული სასაფლაო შეურაცხყვეს.


გაზეთ ”ბათუმელების” ცნობით, სასაფლაოს ქვაზე ბოტორმოქმედებმა სვასტიკა დახატეს. გაზეთი 30 აპრილს იტყობინებოდა, რომ ამ ვანდალიზმის ფაქტის შესახებ 26 აპრილს გახდა ცნობილი. მიმდინარეობს საქმის გამოძიება. 


”ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი,”- აცხადებს ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი ემილ კრუპნიკი,  ”ბევრი მსმენია იმ ანტისემიტურ გამოსვლებზე, რომლებიც რუსეთსა და უკრაინაში მრავლადაა, მაგრამ ამ მადლიან მიწაზე დიდი ხანია ვცხოვრობ და ვერ წარმომედგინა, რომ აქ ასეთი რამ მოხდებოდა. ამის ნათელი მაგალითი იყო ის, თუ როგორ მოეკიდა ადგილობრივი მოსახლეობა ამ ყველაფერს. მათ ეს ისე განიცადეს, თითქოს მათი ახლობლების საფლავები ყოფილიყო შეურაცხყოფილი”.


”აქ მსგავსი რამ ადრე არ მომხდარა,” – განუცხადა სასაფლაოს დირექტორმა ნოდარ ჯორბენაძემ ტელეკომპანია ”მზეს”.  

”საქართველოში ანტისემიტიზმი არასოდეს ყოფილა. თუმცა ეს ფაქტი შემაშფოთებელია და არ უნდა დავტოვოთ ყურადღების გარეშე და არ უნდა მოვხუჭოთ თვალი,”- განუცხადა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

მან დღეს ეს განცხადება გააკეთა ებრაულ საზოგადოებრიობასთან შეხვედრაზე, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ჰოლოკოსტის ხსოვნის დღის გამო მასპინძლობდა.

”მე მჯერა, რომ ბოროტმოქმედები მიეცემიან პასუხისგებაში,”- განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში შაფთაი ცურიმ, რომელიც ასევე ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას.



 

მსგავსი/Related

Back to top button