
სააკაშვილი მოუწოდებს აფხაზებს და ოსებს ერთად დაუპირისპირდნენ გარეშე ძალას
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 აპრილს გაერთიანებისკენ მოუწოდა აფხაზებს და ოსებს, რათა არ მისცენ საშუალება ”თავზეხელაღებულ და უპასუხისმგებლო” გარეშე ძალებს სისხლისღვრა გამოიწვიონ ქვეყანაში.
”დღევანდელი საქართველო გთავაზობთ მშვიდობას და გიწვდით ძმობის ხელს,” – განაცხადა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო მიმართვაში აფხაზი და ოსი მოქალაქეებისადმი, რომელთაც მან ”ძმები და დები” უწოდა.
”მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს ერთი აგრესიული ძალა, რომელიც აცხადებს, რომ თქვენ მაგივრად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება თქვენსავე მომავალზე,” – დასძინა მან.
თავის მიმართვაში სააკაშვილმა რამდენჯერმე გამოიყენა ტერმინი ”თავზეხელაღებული ძალა” რუსეთთან აშკარა მიმართებაში. ”ჩვენ ვსაუბრობთ დემილიტარიზაციაზე”, – განაცხადა მან, ”ხოლო ეს ძალა ახლა თქვენი სახელით საუბრობს გამალებულ მილიტარიზაციაზე… ახალ სამხედრო ბაზებზე და საგუშაგო პუნქტების გახსნაზე… მისი სამხედრო კონტინგენტის გაზრდაზე”.
თავისი მიმართვა მან სოციალურ პრობლემებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონებში და დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ხალხის ერთ-ერთი მთავარი მტერია სიღარიბე.
”დაპირისპირება და გათიშულობა ჩვენი ოჯახების ღირსეული ცხოვრების საერთო მტერია. არადა ჩვენ ყველანი ერთად გაცილებით უფრო მეტს ვიმსახურებთ, ჩვენ შეგვიძლია ერთად ვაშენოთ ჩვენი კეთილდღეობა. ჩვენ ყველანი უკვე ძალიან დაგვღალა და გაგვასავათა მრავალწლიანმა ქიშპობამ,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”დარწმუნებული ვარ, რომ ყველას საქართველოში და პირველ რიგში, თქვენ, ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას გვინდა დღევანდელზე გაცილებით უკეთესი ცხოვრება… ჩემი და ჩემი მთავრობის მთელი მუშაობა სწორედ ამ მიზანს ეძღვნება”.
მისი თქმით, თბილისის ”სამოქმედო გეგმა არა ომი, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა”.
”დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმას ჩვენ ასმაგად წარმატებით შევასრულებთ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მან ძალიან კარგად იცის როგორ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას.
”მე ძალიან კარგად ვიცი რა ხდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ვიცი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში უწვეთ თქვენს ოჯახებს ცხოვრება – სეპარატისტული, კორუმპირებული, კრიმინალური დაჯგუფებების ბატონობის ქვეშ. ასეთი ცხოვრება ნამდვილად არ იყო თქვენი არჩევანი,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”მაგრამ დღეს ერთი დიდი, თავზეხელაღებული, აგრესიული ძალა აძლევს თავს უფლებას თქვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები. მას ფეხზეც კიდია რას ფიქრობთ თქვენ საკუთარ თავზე და თქვენს მომავალზე. თქვენ მაგივრად სურს მას გააკეთოს არჩევანი და მუდმივად გვამყოფოს კონფლიქტისა და დაპირისპირების ისეთ რეჟიმში, რომელიც თავიდანვე თავს მოგვახვია და რომელმაც ბოლო 15 წელია ნგრევის და უკუსვლის მეტი არაფერი მოგვიტანა”.
”ეს თავზეხელაღებული და უპასუხიმგებლო ძალა დღესაც ცდილობს, რომ ჩვენთვის საბოლოოდ დამანგრეველ და მისთვის სასარგებლო დაპირისპირებაში კიდევ ერთხელ ჩაგვითრიოს… ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ტერიტორიების გაერთიანება, არამედ იმ ურთიერთობების აღდგენა და შემდგომი განვითარება, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აკავშირებდა ჩვენ ხალხებს და რომელიც დროებით შეწყდა უცხო ძალის დამანგრეველი ზემოქმედების შედეგად”.
შემდეგ მან ისაუბრა თბილისის ინიციატივების შესახებ აფხაზეთთან მიმართებაში, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას, აფხაზეთის წარმომადგენლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში და პარლამენტში და აფხაზი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რომელსაც აფხაზეთთან დაკავშირებულ, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ”კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებზე” ვეტოს უფლება ექნება.
”დღევანდელი საქართველო და მასში ჩვენი ერთად ყოფნა გთავაზობთ სიმშვიდესა და დაცულობას, რომელიც ასე გაკლიათ,” – განაცხადა მან. ”დღევანდელი საქართველო გთავაზობთ ცხოვრებას ბანდების თარეშისა და კრიმინალური ავტორიტეტები ბოგინის გარეშე. დღევანდელი საქართველო გთავაზობთ ცხოვრებას კორუფციის გარეშე, როდესაც ვეღარავინ, ვერასდროს წაგართმევთ ქრთამს ან თქვენი ბიზნესის წილს. დღევანდელი საქართველო გთავაზობთ თავისუფალი და კანონიერი ბიზნეს საქმიანობის სრულ შესაძლებლობებს, სადაც ვერავინ შეზღუდავს თქვენ ინიციატივას. გთავაზობთ გაცილებით უკეთესი ჯანდაცვისა და განათლების პირობებს ჩვენი ოჯახებისთვის. დღევანდელი საქართველო გთავაზობთ არჩევანის ნამდვილ თავისუფლებას, სადაც ვერავინ დაგაძალებთ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობას და სადაც აღარ დაგაპატიმრებენ იმისთვის, რომ გინდათ აირჩიოთ საკუთარი ქვეყნის პარლამენტი და პრეზიდენტი. დღევანდელი საქართველო გთავაზობთ გახსნილ ეკონომიკასა და საზღვრებს, წესრიგსა და კანონის უზენაესობას, დაცულობის და განვითარების უკეთეს პერსპექტივას”.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზებს და ოსებს სჭირდებათ ”დაცვა, ზრუნვა და განვითარება”.
”ამდენი ტრადიციაა მეგობრობის და ძმობის, ამიტომ ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მტრობის და სისხლისღვრის მორევში ჩაითრიოს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი,” – განაცხადა მან. ”და მე ამაში, პირველ რიგში, თქვენი იმედი მაქვს, რადგანაც ახლა საერთო ავისმოსურნე თავის მზაკვრულ გეგმას გვახვევს თავს, დგება მომენტი, როდესაც გადაწყვეტილება მომავალი თაობების წინაშე, დიდი პასუხისმგებლობის კარგად გაცნობიერებით უნდა მივიღოთ ყველამ ერთად. ჩვენი ერთად ყოფნა ახლა ისტორიული აუცილებლობაა”.