
რუსეთი აფხაზეთში სამშვიდობოთა რაოდენობას ზრდის
რუსეთის თავდაცვის სამინიტრომ გააფრთხილა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხი იქნება ”მწვავე და ადექვატური”, თუ თბილისი შეეცდება კონფლიქტები ძალისმიერი გზით მოაგვაროს.
29 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მხარის ”პროვოკაციულმა ქმედებებმა” რუსეთის სამშვიდობოების წინააღმდეგ, ასევე კონფლიქტის ზონაში დამატებითი ქართული ძალების განთავსებამ აიძულა ისინი გაზარდონ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოთა რაოდენობა. თავდაცვის სამინისტრო არ აზუსტებს, თუ რამდენით გაიზრდება რუსული კონტიგენტი, თუმცა აცხადებს, რომ ეს იქნება ”დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოს გადაწყვეტილების ფარგლებში.”
რუსეთის თავდაცვის სამინიტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა 15 დამატებითი პოსტი გახსნეს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე.
სამინისტროს თქმით, ეს გადაწყვეტილება განაპირობა ”საქართველოს ხელისუფლების მზარდმა ზეწოლამ რუსეთის სამშვიდობო ძალებზე”.
29 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ”დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაძლიერების ღონისძიებები განხორციელდა კავკასიაში სისხლისღვრის განახლების შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად”.