skip to content
ახალი ამბები

მირონოვი აცხადებს, რომ რუსეთი დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს აფხაზეთში

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა 28 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთი დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.


”რუსეთის პოზიცია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე ცხოვრობს აფხაზეთში და ბუნებრივია, თუ რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეებს საფრთხე შეექმნებათ, რუსეთი, რა თქმა უნდა, მათ გვერდით დადგება,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” მირონოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობებში რუსეთის საგარეო უწყების სპეციალურმა  წარმომადგენელმა ვალერი კენიაიკინმა 25 აპრილს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო სამხედრო კონფლიქტს დაიწყებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთს მოუწევს რეაგირება, მათ შორის სამხედრო გზითაც მოახდინოს.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 28 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის ”აგრესიულ განცხადებებს საქართველო აგრესიული განცხადებებით და აგრესიული ქმედებებით არ უპასუხებს”.  

Back to top button